გიორგი ვაშაძე: სახელმწიფო დეპარტამენტს ავუხსენით, რომ საქართველოში 48%-იანმა “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლიდან აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავუხსენით და კარგად გაიგო, რომ საქართველოში 48%-იანმა “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლიდან აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და არცერთი საკითხი არ არსებობს პარლამენტში გადაწყვეტილი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში იყო”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მოწოდების მიუხედავად ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
“დოკუმენტს აქვს სხვა ნაწილებიც. ეს მოიცავს უმძიმეს შეფასებას საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, რომ მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმის მიცემის დროს იძულება და ა.შ. სამწუხაროდ, მასიურად გამოიყენება. მეორე, მოიცავს შეფასებას, რომ საშინელი არჩევნები ჩატარდა. საშინელი ტერმინებია გამოყენებული. მოიცავს იმ პოზიციებს, რომელიც თავის მხრივ აქვს ამერიკის ელჩს და ევროკავშირის ფორმატით გამართულ შეხვედრებს და მესამე, მოიცავს გარკვეულ მოსაზრებებს, რა შეიძლება მოხდეს. ეს ნორმალურია. შეიცავს პარლამენტში შესვლის თაობაზე მოწოდებებს. ვპასუხობთ, ჩვენი ამომრჩეველი, 52 %, თუნდაც ამ გაყალბებული არჩევნებით, რომლებმაც დაგვიჭირა მხარი, ჩვენ არასდროს დაგვიჭერს მხარს თუ ჩვენ ახლა თავს დავადებთ და შევალთ ამ პარლამენტში და ვაღიარებთ იმ კატასტროფულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია. სწორედ, ამიტომ გამოსავალი მოსაძებნია, ჩვენ ხისთავიანი ადამიანები არ ვართ. ვართ აბსოლუტურად გამოსავალზე ორიენტირებული ადამიანები, განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”, რომლის ერთ-ერთი ხისთავიანი წარმომადგენელი, რომელიც, როცა მოლაპარაკებებზე ვიყავით, ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა ოპოზიციასთან დაკავშირებით და ზოგადად ამ საკითხებთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” მხრიდან გამოსავლის ალტერნატიულ ვერსიას ველი. პარლამენტში შესვლა ვერ მოხდება. ჩვენ გვაქვს მოთხოვნები ხელახალი არჩევნების, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების თაობაზე. მესამე რაუნდში “ქართული ოცნების” მხრიდან ველოდებით შექმნილი უმძიმესი ვითარების ადეკვატურ გააზრებას, რომელმაც მოიპარა არჩევნები და ამ მოპარვის არაერთი მტკიცებულებაა დოკუმენტში. კელი დეგნანს ავუხსენით, რომ პარლამენტში იყვნენ დეპუტატები, არცერთი კანონი პარლამენტს არ ახსოვს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებით მიღებული.
სახელმწიფო დეპარტამენტს ავუხსენით და კარგად გაიგო, რომ 8 წელი არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, ავუხსენით, რომ ნუ წარმოგიდგენიათ, როგორც არის ამერიკაში, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები თანამშრომლობენ სხვადასხვა სხვა საკითხებში. საქართველოში 48%-იანმა “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლიდან აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და ხაზს ვუსვამ არცერთი საკითხი არ არსებობს პარლამენტში გადაწყვეტილი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში იყო”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ. დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს უთანხმოებების გადალახვასა და საარჩევნო პროცესების გაძლიერებაზე.