ლაშა ძებისაშვილი: რუსეთს ახლა 2-3-ჯერ უკეთესი არმია ჰყავს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე  

სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ცხელი ფაზა ყარაბაღში დასრულდა. რა დასკვნა შეიძლება, გამოიტანოს და გაითვალისწინოს საქართველომ ყარაბაღის მეორე ომიდან, რამ განაპირობა აზერბაიჯანის გამარჯვება – ამ საკითხებზე „კვირა“ პოლიტიკის უსაფრთხოების ექსპერტს, ლაშა ძებისაშვილს ესაუბრა.

-აზერბაიჯანს სომხეთის დასამარცხებლად ყარაბაღში 6 კვირა დასჭირდა. არადა, სამხედრო შესაძლებლობები (შეიარაღება და ცოცხალი ძალა) მხარეებს თითქმის თანაბარი ჰქონდათ. რა გახდა აზერბაიჯანის წარმატების მიზეზი?

ომი არ არის მხოლოდ სამხედრო სავრცე, ანუ ის, რასაც ბრძოლის ველზე ვხედავთ. ეს არის სამხედრო პოლიტიკური სივრცე, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტებია სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური განზომილებები. ტაქტიკურად ბრძოლის მოგება არაფერს ნიშნავს, თუ ოპერატიულ დონეზე ცუდად არის დაგეგმილი ოპერაცია, ხოლო ოპერატიულ დონეზე წარმატებით დაგეგმა არაფერს ნიშნავს, თუ სტრატეგიულ დონეზე არასწორად არის განსაზღვრული ამოცანები. ის, რომ აზერბაიჯანმა ომი 6 კვირაში სწრაფად და წარმატებით დაასრულა, ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანლობას სწორად ჰქონდა განსაზღვრული საბრძოლო მოქმედებების დრო, ზუსტად იცოდა – რისი მიღება სურდა ამ ომისგან და სწორად ჰქონდა გააზრებული საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია და პოზიციები. სტრატეგიულად შერჩეული დრო და ადეკვატური მიზნები გახდა კიდეც აზერბაიჯანის წარმატების მიზეზიც. ამას უნდა დავუმატოთ ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო ოპერაციების სწორად წარმართვაც. მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის ტექნიკური უზრუნველყოფა, ანუ იმ შეიარაღების ტიპები და ხარისხი, რომლითაც საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, ბრძოლის ველზე ოპერაციების მართვის თვალსაზრისით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უმაღლესი კვალიფიკაცია აჩვენეს და ერთი თავით მაღლა იდგნენ სომხურ მხარეზე.

და კიდევ ერთი გარემოება რომელიც უნდა აღინიშნოს. მაგალითად, გარკვეულ კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა ბოლომდე არ მიიყვანა დაწყებული საქმე და ომი შუშის აღებით დასრულდა. საკითხავია ასევე ის, თუ რატომ არ ჩაერია სომხეთი თავისი შეიარაღებული ძალებით ომში და რატომ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რეზერვი და საშუალება. ამ საკითხებზე პასუხები, ჯერჯერობით, არ არსებობს და ჩვენ შეიძლება, მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. მაგალითად, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანს მწვანე შუქი და კარტბლანში რუსეთმა შუშის აღებამდე მისცა. სხვანაირად მე მიჭირს, ავხსნა სომხური მხარის ერთგვარი პასიურობა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

-შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყარაბაღში ომის წარმოების დასავლური სკოლა რუსულ (საბჭოთა) სკოლას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა?

ასე ცალსახად ამის თქმა არ შეიძლება. ომი ომია და მას თვის სტანდარტები აქვს, რომელიც საერთოა ყველასთვის. თუმცა, გარკვეული განსხვავებები მართლაც არსებობს. მაგალითად, რუსული სკოლა იმით არის ცნობილი, რომ სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად მათთვის სულ ერთია, როგორი დანაკარგები ექნებათ. დასავლეთში ეს ასე არაა და ის უფრო ხარისხსა და მაღალ ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსებმა გამოიტანეს გარკვეული დასკვნები და აქცენტი მათაც ხარისხზე გააკეთეს. დღეის მდგომარეობით, თუ აშშ-ს არ ჩავთვლით, თითქმის, ყველა კომპონენტში რუსეთის არმია დასავლეთის ყველა არმიაზე ძლიერია. იქნება ეს საფრანგეთი, თუ, ვთქვათ, ბრიტანეთი ან გერმანია.

-ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა აზერბაიჯანის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რას უნდა ველოდოთ მომავალ ომებში. ამბობენ, რომ ტანკების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, ასეა?

დრონები  არის ტექნოლოგია, რომელიც გარკვეული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება და მათი მეშვეობით მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღებაც შესაძლებელია. თუმცა, თუ ვერ მოხერხდა დრონის ინტეგრირება იმ ქსელში, რომელიც საბრძოლო ველის სრულ “ლაივ” სურათს იძლევა, ამ იარაღის ეფექტურობა კლებულობს. აუცილებელი და მნიშვნელოვენიაა ასევე ის, რომ დრონის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორი, დროული და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. როგორც ჩანს, ამ ამოცანას აზერბაიჯანმა წარმატებით გაართვა თავი და მოხდა ის, რაც ვნახეთ. მოკლედ, ის, რაც ეფექტური და ბრძოლისუნარიანი ჯარისთვის არის მთავარი, ანუ მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტური თანხვედრა აზერბაიჯანულ არმიას აღმოაჩნდა და ეს ბრძოლის ველზე დაამტკიცა. რაც შეეხება სომხეთის მხარეს, გამოჩნდა, რომ, ტექნოლოგიური ჩამორჩენის გარდა, სომხეთი მნიშვნელოვნად უკანაა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავებისა და ამ ინფორმაციის გამოყენების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ტანკებსა და მათ გამოყენებას ბრძოლის ველზე. ვფიქობ, რომ მათი ჩამოწერა ნაადრევია.

-ილჰამ ალიევმა განაცხადა, ქალაქ შუშის აღება სამხედრო ისტორიის ენციკლოპედიაში შევა და ამ ბრძოლას უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში ასწავლიანო. ეთანხმებით მას?

რა როგორ მოხდა შუშის ბრძოლების დროს, ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეალური ბრძოლა ქალაქ შუშისთვის არ ყოფილა. თუ რატომ, ამის ახსნა მიჭირს. თუმცა, ფაქტია, რომ ქუჩის ბრძოლები, როგორიც მაგალითად გროზნოში  იყო, აქ არ ყოფილა. შუშა და მისი შემოგარენი საკმაოდ რთულად მისადგომია და შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში თავდაცვაში მყოფ სომხურ ფორმირებებს დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, რაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ან საკმარისი ძალები არ ჰყავდათ ძლიერი თავდაცვის ორგანიზებისათვის ან გარკვეულმა პოლიტიკურებმა ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. შუშის აღებას მე უფრო პოლიტიკურ გარიგებას მივაწერდი, ვიდრე – სამხედრო ხელოვნებას.

-რა როლი შეასრულეს ამ ომში სპეციალური დანიშნულების ძალებმა?

ძალიან მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით – სადაზვერვო ძალებმა. სწორედ მათი ფუნქციაა ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე მტრის სიღრმეში შეღწევა, სისუსტეების მოძებნა და ამ ინფორმაციის ხელმძღვანლობისთვის მიწოდება. მათი ფუნქციაა ასევე მოწინააღმდეგის თავმოყრის ადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების მოძებნა, მონიშვნა, პოტენციურ სამიზნეებად ქცევა და შესაძლებლობის შემთხვევაში – განადგურებაცაა. ამ ამოცანებს აზერბაიჯანის შესაბამისმა ძალებმა კარგად გაართვეს თავი და ეს ზოგ შემთხვევაში შეტაკებების ზონიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანდა. ყარაბაღის ომმა აჩვენა, რომ არ არსებობს დაუძლეველი რელიეფი და მხოლოდ გეოგრაფიული თავისებურებების იმედად დარჩენა არ იქნება სწორი. სხვათა შორის, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

-საქართველომ და მისმა სამხედრო ხელმძღვანლობამ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ამ ომიდან?

რაც უკვე ვთქვი. კარგად უნდა გავაანალიზოთ ყარაბაღის ომი და აღარ უნდა დაგვემართოს ისე, როგორც ეს 1921 წელს მოხდა, როცა რუსებმა თბილისთან ფრონტი გაგვიწალეს და უბრალოდ ხალხი არ გვეყო ამ ნაპრალების ამოსავსებად. ჩვენი ჯარი როგორც რაოდენობრივად, ასე ხარისხობრივად ჩამოუვარდება, ფაქტობრივად, ყველა პოტენციურ მოწინააღმდეგეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში საბრძოლო საშუალებებითა და საცეცხლე შესაძლობლებებით მათ ვერ დავეწევით. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. ანუ აუცილებელია, რომ მოწინააღმდეგეზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ, მეტი ინფორმაცია გვქონდეს მოწინააღმდეგის გეგმებზე, ამოცანებზე, ბრძოლის ველის თავისებურებებსა და იქ მიმდინარე პროცესებზე. მოკლედ, მოწინააღმდეგეზე სწრაფად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს, საბრძოლო ინიციატივა ჩვენ მხარეს იყოს. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენს ქვედანაყოფებს ჰქონდეთ ერთგვარი ქოლგა, ანუ საჰაერო თავდაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც სომხურ ნაწილებს დაემართათ ყარაბაღში.

-ამ ომის გათვალისწინებით, შეიარაღების რა ტიპებს უნდა მიანიჭოს საქართველომ უპირატესობა ისე, რომ ქვეყნის ფინანსური რესურსიც იყოს გათვალისწინებული?

ყველაფერს მაღალტექნოლოგიურს. განსაკუთრებით, დრონებსა და ზუსტი ცეცხლის სისტემებს. დრონებმა აჩვენა, რომ მცირე რესურსით, პრაქტიკულად, უამრავი ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება. იქნება ეს დაზვერვა, მოწინააღმდეგის საყრდენი და მომარაგების პუნქტების გამოვლენა, მონიშვნა და მათი განადგურება. თან ისე, რომ საკუთარ ცოცხალ ძალას საფრთხე არ შეუქმნა და არც დიდი ხარჯები გასწიო. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დრონებმა ჯარების რამდენიმე გვარეობა ჩაანაცვლეს და ეს წარმატებით გაკეთდა. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს სავარაუდო მოწინააღმდეგისათვის ფრონტის სიღრმეში დარტყმის მიყენების საშუალება. ამ ამოცანის შესრულება სწორედ დრონს შეუძლია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის არმია თვისობრივად და ხარისხობრივადაც გაიზარდა. რუსეთს ახლა 2-3-ჯერ უკეთესი და ბრძოლისუნარიანი არმი ჰყავს. ამდენჯერვე გაიზარდა მისი საცეცხლე ძალაც. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით ქართულ ჯარზე. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, დაპირისპირების შემთხვევაში რა ამოცანა გვექნება. თუ ჯარი შევწირეთ, ჩვენ ავღანეთი არ ვართ, რომ მთებში გავიდეთ. არც ფსიქოლოგიურად და არც მორალურად ჩვენი მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის. მარტო ჯარი ქვეყანას ვერ დაიცავს, უნდა მომზადდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რეზერვი. პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ აგრესიის შემთხვევაში დიდ საფასურს გადაიხდის. არსებობს ე.წ. წითელი ზღვარი, ანუ საბრძოლო დანაკარგები, ასევე, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სანქციები, რაც აგრესიის შედეგად მიღებულ დივიდენდებს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები