ელენე ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება
“არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს.
ხოშტარიას თქმით, მას პრეტენზია არა ამომრჩეველთან, არამედ გაყალბებასთან აქვს.
„არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც, ,,ოცნების” ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასა და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე, ეს ,,ოცნების” ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ!
და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ,,ოცნების” კანდიდატები, თავს რომ იკატუნებენ, ვითომ, არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ, რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
,,ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.