„თუ ვინმეს ჰგონია, რომ პომპეოს არ აქვს ინფორმაცია 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ასე არაა“ – ლადო ბოჟაძე

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ პომპეოს არ აქვს ინფორმაცია 31 ოქტომბრის არჩევნებთან, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაშია და ის მანქანის ფანჯრიდან დაინახავს, რომ ვიღაცას რაღაც პლაკატი უჭირავს, შემდეგ იკითხავს – რატომ დგანან ეს ადამიანებიო და აუხსნიან, რომ, თურმე, ვიღაცა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა”, – ამის შესახებ ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ბოჟაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგგემილ ვიზიტს გამოეხმაურა.
„თქვენ იცით მარშრუტი, რომელ ქვეყნებს ეწვევა ის საქართველომდე და საქართველოდან რომელ ქვეყნებში გაემგზავრება, რაც ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ეს ევრაზიული ღერძი ამერიკისთვის არის გადამწყვეტი. მთავარი და მნიშვნელოვანი რეგიონში არის საქართველო. ვიზიტი არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი პარტნიორი რეგიონში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, მით უფრო, რომ რეგიონში, ყარაბაღის კონფლიქტის გამო, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზარდა. ის, რომ პომპეო ხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის უწმინდესობას, ჩვენი ერის სულიერ მამას, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ალბათ, შიდა პოლიტიკაზე საუბარი იქნება. ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პომპეოს არ აქვს ინფორმაცია 31 ოქტომბრის არჩევნებთან, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაშია და ის მანქანის ფანჯრიდან დაინახავს, რომ ვიღაცას რაღაცა პლაკატი უჭირავს, შემდეგ იკითხავს  – რატომ დგანან ეს ადამიანებიო და აუხსნიან, რომ, თურმე, ვიღაცა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. მაგრამ ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება „დემოკრატების“ გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. მათი პოლიტიკის შედეგებს ჩვენ საბოლოოდ ზაფხულისკენ უფრო დავინახავთ. თუმცა, იცით, რომ ისინი გაცილებით ხისტები არიან რუსეთთან მიმართებით, ვიდრე – „რესპუბლიკური პარტია“. ამიტომ, ამ მიმართულებით ამერიკის მხრიდან კიდევ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს ველოდები. ბუნებრივია, ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიწვევს ნატო- საქართველოს ურთიერთობების დაახლოებას. ნატო-ში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, შეიძლება, სრულიად რეალისტური გახდეს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ცნობისთვის, მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 18 ნოემბერს ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები