ოპოზიციურ პარტიათა ჩიხში შესულ საპროტესტო მანიფესტაციებზე, მაიკ პომპეოს ვიზიტსა და კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე ,,კვირა“ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა გიორგობიანს ესაუბრა:
-ოპოზიციურ პარტიათა საპროტესტო მუხტი დღითიდღე ქრება. მიუხედავად ამისა, ქართული ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნებას მაინც არ აპირებს. უახლოეს დღეებში მოვლენათა განვითარების როგორ სცენარს უნდა ველოდეთ?
-რუსთაველზე გამართული აქციები სააკაშვილის დაფინანსებული და მართულია. ბარიერგდალახულ ოპოზიციას აკიდებული ჰყავს ის პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს და ახლა დესტაბილიზაციის მოლოდინში არიან, ეგებ – წყალი აიმღვრეს და როგორმე პარლამენტში შეაღწიონ. რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს“, როგორც ჩანს, ისინი წვრილმან ოპოზიციას არაფრად აგდებენ, რასაც გია ბარამიძის თითის ქნევაც მოწმობს: თუ პარლამენტში მოხვედრა გინდათ, სააკაშვილის ხუშტურები უნდა აიტანოთო.
-ოპოზიციამ დაანონსებულ დესტაბილიზაციაზე ხელი აიღო?
-საამისოდ ძალა და რესურსი აღარ ეყოთ, მხარამჭერები შემოეფანტათ. მათი ძირითადი აქტივი ის 3000 ადამიანია, რომელსაც ავტობუსებით დაატარებენ დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში და – პირიქით.
-თუმცა, როგორც ჩანს, მათ საქართველოში 300 000 მომხრე 2012 წლიდან სტაბილურად მაინც ჰყავთ.
-ეს ის ადმინისტრაციული რესურსია, რომელიც ,,ნაციონალებს“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დარჩათ და რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ,,პატრონის“ დაბუნებას. რუსეთში დღესაც ხომ დადიან სტალინის მომხრეები იოსებ ბესარიონის ძის ხატებით? ასევე იქცევიან “ნაციონალები”, ეს მათი სულიერი მდგომარეობაა, ელიან ლიდერის დაბრუნებას.
-2012 წელს ხელისუფლებიდან წასული ,,ნაციონალურ მოძრაობა“ რა სახსრებით ახერებს მიტინგების ორგანიზებას, ტელევიზიების შენახვას, ერთგული მომხრეების ფინანსურ უზრუნველყოფას?
-როგორც ხედავთ, ,,ნაციონლებს“ ფული არ აკლიათ. 2012 წლამდე მათ იმდენი თანხა მოპარეს სახელმწიფოს, რომ დღემდე უპრობლემოდ ჰყოფნით. ეს მოპარული ფული განთავსდა სხვადასხვა ამერიკულ და ევროპულ ფონდსა და აქტივში. მაგალითად, ყოფილ ,,ნაციონალ,, მაღალჩინოსან თემურ იაკობაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული აქვს ფონდი, რომელიც თანამშრომლობს ამერიკელ კონგრესმენებთან. ასეთივე ფინანსური ორგანიზაცია აქვს უკრაინაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მოღვაწე ლევან ვარშალომიძესაც, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იყრის კენჭს. ამ ადამიანებს ამხელა ფინანსები რომ მემკვიდრეობით არ მიუღიათ, მთელმა ქვეყანამ იცის. სწორედ ეს ,,ბიზნესმენები“ და მათი ბიზნესები აფინანსებენ ტელევიზიებს, აქციებს, დესტაბილიზაციას ქვეყანაში. რუსთაველზე 1000 კაცი დილას პერფორმანსს აწყობს და საღამოს 5-6 ტელევიზიით ამ სანახაობას მთელი საქართველო უყურებს, სტრესში ამყოფებენ მთელს ქვეყანას. ეს წარმოდგენები სწორედ იმ ადამიანების ფულით ფინანსდება, რომლებსაც წლების განმავლობაში ორივე ხელი სახელმწიფო ხაზინაში ჰქონდათ ჩაყოფილი და ახლა უცხოეთში ამუშავებენ მოპარულ ფულს.
-ოპოზიცია გვარამიამ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ეთერში დააფიცა და დაფაზე ხელი მოაწერინა, რომ არავინ შევიდოდა პარლამენტში. თუმცა, მას შედეგ რამდენიმე დღე გავიდა და ეთერში დადებული ფიცი შეირყა…
-გვარამიას დაფაზე ხელმოწერები მალე იმ ნაჭრით წაიშლება, რომელიც დაფის გვერდით იდო. არავითარი იურიდიული ძალა ეთერში გაკეთებულ ხელმოწერებს არ გააჩნია. ცირკი რუსთაველზე, მათი გეგმით, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია არ მიიღებს იმას, რისი იმედიც აქვს. პარლამენტში აუცილებლად შევლენ, რადგან სხვა პროფესია, გარდა დეპუტატობისა, მათ უმრავლესობას არ გააჩნია. მაგალითისთვის, ავიღოთ ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება ან ინტრიგებს ხლართავს ან არჩევნებს აყალბებს. მან და გია ბარამიძემ ახლა აუცილებლად უნდა აქონ მიშა, რომ ისევ პარლამენტში მოხვდენ და ფულიც მიიღონ ამ საქმეში. მართალია, დღეს ამბობენ, რომ პარლამენტში მათი ფეხი არ იქნება, მაგრამ ხვალ აუცილებლად იტყვიან, რომ ამერიკის ელჩმა უთხრათ – შედით პარლამენტშიო და მათაც ამერიკელ დიპლომატს გაუწიეს ანგარიში. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან ,,მიშა ჩამოდის“ პლაკატებით, ვურჩევ – შვილებს, ოჯახებსა და მეგობრებს მიხედონ, რადგან ერთი კვირის წინ მათ ლიდერს სატელევიზიო გამოსვლისას დორბლი ჩამოსდიოდა პირიდან. არ შეიძლება, ასეთი კაცის მოლოდინში იყოს ვინმე. ამ ადამიანებმა უნდა იპოვონ ძალა საკუთარ თავში და როგორმე სხვა ინტერესები გაიჩინონ. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს უნდა, მოაწყოს სერიოზული პროვოკაცია და ამ საქმეში სამხედროების დახმარების იმედი აქვთ. ეს ის სამხედროები არიან, რომელთა დათვალიერებაც სააკაშვილის ბიბლიოთეკის აივანზე მოეწყო. სწორედ ეს გაწვრთნილი სამხედროები უტევდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე დღის წინ. შეგახსენებთ 1991 წლის 7-8 სექტემბრის ვერაგ საქმეს. მაშინ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში კონგრესმენ ჰოიერის ხელმძღვანლობით. კავკასიაში საქართელო მოიაზრებოდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სახელმწიფოდ, კონგრესმენები ხვდებოდნენ საქართველოს პრეზიდენტს სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად. იქამდე მოხდა 2 აგვისტოს დარბევა კინოს სახლთან, რათა ხელისუფლებას სახელი გასტეხვოდა ამერიკელ კანონმდებელთა თვალში. ამგვარი პროვოკაციული სცენარები რუსეთში იწერებოდა. ისტორია მეორდება, დღევანდელი ოპოზიციაც მსგავს სცენას წერს, მათ რომ შეეძლოთ, საქართველოს უკანასკნელი დღის პრეზენტაციასაც მოაწყობდნენ. ცდილობენ, ხელისუფლება ამ პროვოკაციაზე წამოაგონ.
-მაიკ პომპეო ოპოზიციის დასაშოშმინებლად ჩამოდის საქართველოში?
-არ მგონია, ამერიკის სახელმიფო მდივანი ოპოზიციის ხუშტურების განსახილველად ჩამოდიოდეს საფრანგეთისა და თურქეთის გავლით საქარველოში. დღეს მტერსა და მოყარესაც ესმის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური წარსულია, რომელც ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება. ამერიკის შეერთებული შტატები კავასიის რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად და სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ თვლის. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, რუსეთმა კი კავკასიაში დაიკანონა აფხაზეთი, ცხინვალი და სამშვიდობოები განათავსა ყარაბაღში, მისი კონტროლის ქვეშ მოექცა რეგიონში საკმაოდ დიდი ტერიტორიები. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სხვა ხედვას მოითოვს როგორც თურქეთის, ისე – ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება პომპეოს ვიზიტი საქართველოში.
-მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად საქართველოს გეოპოლიტიური ინტერესები მნიშვნელოვნად დაზარალდება?
-მინდა, ყველამ გაიგოს, რომ აზერბაიჯან-თურქეთის ახალი დერეფნით საქართველო ვერაფრით დაზარალდება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დერეფანი, ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი ეროვნული და ეკონომიკური ინტერესები, ტრადიციები და ასე შემდეგ. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტრაილერების სიარულით ჩვენს გზებზე სახელმწიფოს უნდა ეცხოვრა, ძალიან ცდებოდა. როგორც რომან გოცირიძეს ჰგონია, საქართველო იმიტომ არის ამიერკავკასიის ლიდერი ქვეყანა, რომ ერთი ქვეყნის სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა და მეორე ქვეყნის ნავთობის მილები ჩვენს ტერიტორიაზე გადის, კიდევ და კიდევ ძალიან ცდება. ჩვენს ეკონომიკას უნდა ჰქონდეს პოზიტიური სალდო, ძლიერი სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი საწარმოებით, განვითარებული მძიმე მრეწელობა. ბათუმიდან შემოსული სომხური ტრაილერებისა და აზერბაიჯანული მილების გავლით ქეყანას ვერ ავაშენებთ. მოლოდ მაღალი ტექნოლოგიები და ისეთი საუნივერსიტეტო ცენტრები, როგორიც ახლახან ქუთაისში აშენდა, იქნება ჩვენი სტაბილობისა და ლიდერობის გარანტი. თუ საქართველოს გარდა სხვა საგზაო მაგისტრალებიც გაჩნდება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, ამით კიდევ უფრო გავმდიდრდებით. ცნობილია, რომ იქ, სადაც მხოლოდ 1 მაღაზია დგას, ვაჭრობა ცოტაა, ხოლო იქ, სადაც ასეთი მაღაზია ბევრია, გაცხოველებული აღებ-მიცემობაა და ეკონომიკაც იფურჩქნება. ეკონომიკის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს, ამ 30 წლის მანძილზე რა მოგება ვნახეთ სომხური ტრაილერებისა და აზერბაიჯანული ნავთობსადენის ფუნქციონირებით. აღმოჩნდება, ეს თანხა იმდენად მცირე იყო, რომ ჩვენს ეკონომიკაზე დიდი ვერაფერი ეფექტი მოახდინა. დავუბრუნდები მაიკ პომპეოსა და ამერიკულ ინტერესებს კავკასიაში. ამერიკა ლამის 30 წელია, საკუთარი ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ინტერესით შემოვიდა ამიერკავკასიაში და არ მგონია, აქედან ფეხის მოცვლას აპირებდეს. არც მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოში დასამშვიდობებლად. თუ ჩვენ კავკასიაში სწორ თამაშს ვითამაშებთ, რუსეთთანაც ზომიერი პოლიტიკა გვექნება და არ წამოვეგებით მის პროვოკაციებზე, ისე, როგორც სააკაშვილი, შევძლებთ ტერიტორიებისა და ლიდერი სახელმწიფოს როლის დაბრუნებას რეგიონში.