„ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს“ – ლადო ბოჟაძე

“ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს”, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს.

ბოჟაძე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ხელახალი არჩევნები შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნების რაოდენობის ნახევარზე მეტი გაბათილდება.

„იცით, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული ნაწილი უკვე შეაჯამა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. 21 ნოემბერს 17 სააარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურები ტარდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის დარღვევები, პრობლემები, რომელიც მოხვდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის არგარიშში. 21 ნოემბერს 17 საარჩევნო ოლქში, დაახლოებით, 2 000-მდე საარჩევნო უბანში ტარდება არჩევნები და, ბუნებრივია, უშუალოდ კენჭისყრის განმავლობაში, ბიულეტენების დათვლის დროს და არჩევნების შედეგების შეჯამების დროს განსაკუთრებულად უნდა იქნას ყურადღება მიქცეული სწორედ ამ პროცესისთვის საიმისოდ, რომ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა პირველ ტურთან დაკავშირებით, ხარვეზები ოქმების შევსების დროს, გარკვეული გადასწორებები და ა.შ. მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
რაც შეეხება ხელახალი არჩევნების მოთხოვნას – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გაბათილდებოდა საარჩევნო უბნების რაოდენობის ნახევარზე მეტი, შეიძლებოდა, ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები. არა თუ ხელახალი არჩევნები, არამედ, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობაც კი არ არის. ის უბნები, რომელებიც გაიხსნა, რომლებიც გაბათილდა საოლქოების თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ იძლევა საშუალებას იმისას, რომ დადგეს აუცილებლობა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
31 ოქტომბრის არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 20 საათამდე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული ხარვეზი, შეფერხება არ ყოფილა. საჩივრების რაოდენობაც მეტყველებს ამაზე. იცით, რომ საჩივრების მინიმალური რაიოდენობა იყო და ისიც მხოლოდ პროცედურულ საკითხებს ეხება. თუ საუბარია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ იმ უბნებს რომელზეც იყო საჩივრები, ოქმებს, რომლებსაც ახლდა შესწორების ოქმები, მაგრამ მაინც ტოვებს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რა თქმა უნდა, მეც პირადად ჩავერთვებოდი და მოვუწოდებდი საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ გაიხსნას ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც სადავოა, სადაც იყო კითხვის ნიშანები. თქვენ იცით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების ნაწილი სწორედ ეს გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები პროპროციულ ნაწილში შეჯამდა, 17 ოლქში 21 ნოემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ვიდრე საბოლოო შედეგები შეჯამდება ოფიციალურად, გადანაწილდება 150-ივე მანდატი, შესაძლებელია, ეს პერიოდი გამოყენებული იქნას სწორედ ამ პროცედურების გასავლელად.
ასე რომ, ხელახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმურეობის საკითხი ვერ დადგება.

„პარლამენტის პირველ შეკრებას საჭიროა, ესწრებოდეს 76 დეპუტატი. თუ ვნახავთ დღევანდელ შედეგებს, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 74 მანდატი. 17 მანდატის საკითხი გაირკვევა 21 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ აპირებს მეორე ტურში მოანწილეობის მიღებას და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები, ფაქტობრივად, ტარდება 6 დღეში. მიიღონ მონაწილეობა, მოიგონ 17-ვე მანდატი და უმრავლესობა, ფაქტობრივად, გარანტირებული ექნება ოპოზიციას. მეორე ტურებზე უარი, ასევე, უარის თქმა მოლაპარაკებების იმ ნაწილზე, რომელიც გულისხმობდა ყველა საეჭვო უბნის გადათვლას, არ წაადგება არც დილოგის პროცესს და არც – შემდგომი პროცესების განვითარებას.
პარლამენტის ლეგიტიმურეობის საკითხი ამ თვალსაზრისით არ და ვერ დადგება. სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ ექნება 90 მანდატი, რომელიც აძლევს საშუალებას, დაამტკიცოს გიორგი გახარიას მთავრობა, მიიღოს კანონები, 2021 წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები