ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშში საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეფასდა(ვიდეო)

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ასევე, ფულის გათეთრების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით არსებული სტრატეგია პოზიტიურად შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, Moneyval-ის ანგარიში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის, ასევე მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ეფექტურობის შეფასებას მოიცავს.

„შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. ამასთან, საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები სათანადო რესურსითაა უზრუნველყოფილი. უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით. მათ გააჩნიათ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს; სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი, ეფექტურად იძიებენ ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით. ასევე, საგამოძიებო უწყებებს შორის არსებობს ქმედითი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა გააძლიერა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს იურიდიული ან სტრუქტურული ხელისშემშლელი ფაქტორები ფულის გათეთრების შემთხვევებზე დევნის დასაწყებად. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ასევე, ქართული კანონმდებლობით შესაძლებელია დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციისთვის პირის მსჯავრდება. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენება ცხადყოფს ქართული მხარის პასუხისმგებლობას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ფულის გათეთრების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით პროკურატურის მუშაობა ასევე პოზიტიურად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციის მზადების პროცესშიც.

საქართველოს პროკურატურა შემდგომშიც განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას, ასევე ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შეფასების პროცესში მიღებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები