“რადგან მეორე შეხვედრაზე შევთანხმდით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით და, რაღა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ არის ასეთი სივრცე”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დიპლომატების პირადი მოწვევით ვიყავით ამ შეხვედრაზე. მოდით, ასე ვთქვათ, ორივე მხარემ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებული არჩევნებია, თუმცა, დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით, აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა, არ ვიცით – კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი ამ შემთხვევაში. ჩვენ ის დავაფიქსირეთ, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება და საარჩევნო პროცედურების ცვლილება, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის ბოიკოტი და, რაღა თქმა უნდა, ეს არის აქციების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.