არჩილ თალაკვაძე: დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება
“პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს.
„ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა, საბოლოოდ, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი. პირველ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. მოლაპარაკებების მაგიდა არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსებმა საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.