“ქალაქ შუშას სავარაუდო აღებამ შეიძლება, არსებული გეოსტრატეგიული ფონი შეცვალოს” – მაისაია ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საუბრობს
“თუ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ მთიან ყარაბაღში გადავიდა, ამან შეიძლება, სახელმწიფოთაშორისო ომის მასშტაბები მიიღოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაიამ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქ შუშას სავარაუდო აღებამ შესაძლოა, არსებული გეოსტრატეგიული ფონი შეცვალოს.
„ ყარაბაღში საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია. არსებობს უერთიერთსაწინააღდეგო ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის შესასვლელის ნაწილი, ქალაქი შუშა, რომელსაც აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, აღებულია. გუშინ ვიხილეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელმაც თქვა, შუშა აღებულიაო. სომხური მხარე კი ამტკიცებს, რომ შუშა კვლავ მისი კონტროლის ქვეშაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერჯერობით, აზერბაიჯანელების გათავისუფლებული შუშადან არაა დაფიქსირებული არც ფოტო და არც – ვიდეომასალები. ასე რომ თქვა, შუშა ვის ხელშია, ძალიან რთულია. ეს, ფაქტობრივად, გაურკვეველია. ფაქტი ისაა, რომ ორივე მხარე ბოლომდე მიდის სამხედრო კონფრონტაციაზე. არცერთი თმობს პოზიციებს. მოლაპარკებების გამორიცუხლია ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს ყველა თანათავმჯდომარე შეეცადა, ორივე მხარის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა. შუშას სავარაუდო აღებამ შეიძლება , ფაქტობრივად, შეცვალოს საერთოდ არსებული გეოსტრატეგიული ფონი. როგორ წარმიმართება სიტუაცია, ჯერჯერობით, გაურკვეველია. თუ უშუალოდ მთიან ყარაბაღში გადავიდა საბრძოლო მოქმედებები, ამან შეიძლება, მიიღოს სახელმწიფოთაშორისო ომის მასშტაბები. კიდევ მოხდება სამხედრო კონფლიქტის გაჭიანურება, მძიმე შედეგებით დასრულდება ორივე მხარისთვის. ამას მოჰყვება რეგიონული ჰეგემონების ჩართვა, რუსეთისა და თურქეთის”, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ქალაქი – შუშა აიღეს.