„პირისპირ“ -ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, „პირისპირ“-ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე, – ვირტუალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” დაფუძნებისთანავე – 2010 წლიდან დაიწყო ზეპირი ისტორიების ჩაწერა და ათი წლის მანძილზე არ შეუწყვეტია ამ მიმართულებით მუშაობა. წლიდან წლამდე ისტორიული პროცესების უშუალო მონაწილეთა და თვითმხილველთა მოძიებისა და მათი ზეპირი მეხსიერების შენახვა ყოველთვის შედიოდა კვლევითი პროექტების ფარგლებში. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ჩანაწერებისა და პირად სივრცეში დარჩენილი უნიკალური დოკუმენტების საერთო მეხსიერების ღია რესურსად გადაქცევისათვის „სოვლაბმა” ალტერნატიული პლატფორმა შექმნა – ციფრული, ღია „საზოგადოებრივი არქივი” (archive.ge), რომელიც ყველა ამ დოკუმენტის გასაჯაროებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„დაფუძნების 10 წლისთავისათვის, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ზეპირი ისტორიების ჩანაწერების კოლექციიდან (რომელიც 200-ზე მეტ ჩანაწერს ითვლის) საბჭოთა ტოტალიტარიზიმის მსხვერპლთა პერსპექტივის სრული პანორამა შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის, ოკუპაციის დასაწყისიდან – 1921 წლიდან, კომუნისტური რეჟიმის დაცემამდე. ეჩვენებინა ტოტალიტარული მონსტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილი ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი და ადამიანის ბუნების ბნელი სიღრმეები.

2019-2020 წლებში „სოვლაბმა” დაიწყო ზეპირი ისტორიების სამტომეულის მომზადება, რომელსაც ეტაპობრივად შევთავაზებთ საზოგადოებას. სამტომეულის ისტორიათა გამოფენა ვირტუალურ „ჩეკას” სახლშია განთავსებული, რომელიც ფიზიკურად დღემდე დგას თბილისში, ინგოროყვას ქუჩა №22-ში და იმედი გვაქვს, იგი რეალობაშიც გადაიქცევა მეხსიერების ადგილად – ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მუზეუმად“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენას წარადგენენ: ირაკლი ხვადაგიანი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, გიორგი კაკაბაძე.

გამოფენის კონცეფცია და დიზაინი: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, მაგდა ცოცხალაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი.
დეველოპერი: ალექსანდრე ლაშხი; მუსიკა: ანანო სიხარულიძე.

გამოფენა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის 2018-2020“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები