ჯორჯია ერთ-ერთი შტატია, რომელიც ბაიდენის მომავალს გადაწყვეტს – დემოკრატების კანდიდატის მონაცემი ტრამპის მაჩვენებელს გაუთანაბრდა
აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი კვლავ უცნობია. გრძელდება საკვანძო შტატებში ხმების დათვლა.
FoxNews-ის ინფორმაციით, ისეთ შტატში, როგორიც არის ჯორჯია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ლიდერობდა, დემოკრატების კანდიდატის, ჯო ბაიდენის მონაცემი მოქმედი პრეზიდენტის მაჩვენებელს მიუახლოვდა.
ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამად ბაიდენს შტატში 49,36%-იანი მხარდაჭერა აქვს, ტრამპს კი – 49,40%-იანი, მათ ერთმანეთისგან მხოლოდ 1775 ხმა აშორებთ.
ჯორჯიის შტატი ერთ-ერთ საკვანძოა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ის ამომრჩეველთა კოლეგიის 16 წევრით არის წარმოდგენილი.
ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც ითხოვს, რომ საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლისა და ფოსტით მიღებული ბიულეტენების შენახვის კანონი დაიცვას.
ამჟამად, ბაიდენს ისევ 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214. გაპრეზიდენტებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 სჭირდება.
ასევე, რჩება კიდევ სამი შტატი, რომლებშიც ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, ესენია პენსილვანია – კოლეგიის 20 ხმით; ჩრდილოეთ კაროლინა – 15 ხმით და ნევადა 6 ხმით.