ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს და ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები

ხელისუფლების ვალია, რომ ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ოპოზიციის პროტესტზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

„არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, მემგონი არც ჩვენ ველოდი. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც რასაკვირველია უზღუდავთ მათაც, ასე ვთქვათ არეალს და დიაპაზონს მოღვაწეობის. მოლოდინი იყო რომ ბევრი მათგანი აიღებდა გაცილებით უფრო მეტს და ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაკლებს, მაგრამ მოხდა ის, რომ ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, პრაქტიკულად ოპოზიციონერები მძევლები არიან ამ შედეგის. არ გეგონოთ რომ ვინმე არის ბედნიერი ამ შედეგით, ალბათ ჩვენც გვერჩივნა რომ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი არ აეღო და აეღო სხვას უფრო მეტი. დამერწმუნეთ, ყველამ პოლიტიკურ ელიტაში იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არჩევნები რეალურ სურათს ასახავს.

მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. თითოეულ ოქმზე, თითოეულ დოკუმენტზე რომელზეც არის, ასე ვთქვათ პრეტენზია რომ ხარვეზიანია ან პრობლემატურია, არ დარჩეს კითხვის ნიშანი. ეს არის პირველი რიგის პასუხისმგებლობა. მეორე რიგის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, რადგან არ მიეცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ არიან მომხრე და შინაგანად არ არიან თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციაზე. არის ნაწილი, რომელიც წამსვლელია ალბათ უფრო მძიმე ნაბიჯებზე და ასე ვთქვათ-თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს და ხელისუფლების ვალია, რომ ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები