არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურზე უარის თქმა არის კაპიტულაცია, როცა თავს არიდებ მომდევნო მარცხს
„მათ იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ, თავს იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის კაპიტულაცია”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” სიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ რადიო „იმედის” ეთერში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, არჩევნებში არალეგიტიმური ჩარევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოხდა.
„როდესაც ისინი საუბრობენ არალეგიტიმურ ჩარევაზე, რაიმე ტიპის დარღვევებზე, პირველ ყოვლისა, არალეგიტიმური ჩარევა ამ არჩევნებში მოხდა სწორედ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. სააკაშვილი, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, არის მსჯავრდებული და ძებნილი, ჩაერია, პრაქტიკულად, საქართველოს საარჩევნო პროცესში კანონის დარღვევით. შესაბამისად, ეს იყო ზუსტად არალეგიტიმური ჩარევა და სანამ „ნაციონალური მოძრაობა” უბნებსა და ცალკეულ ოქმებში დაიწყებს რაიმე დარღვევის ძებნას, პირველ ყოვლისა, მათ უნდა შეხედონ, თავად როგორ იქცეოდნენ, როგორ ესხმოდნენ საკუთარი ტელევიზიებით თავს საზოგადოებრივ აზრს, როგორ მონაწილეობდა მათი ლიდერი უკანონოდ საარჩევნო კამპანიაში – სხვა ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნიდან და როგორ ცდილობდნენ ისინი არჩევნების დესტაბილიზაციას წინასწარ. ვერ მიიღეს ეს შედეგი! – ეუთო-მ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ჩვენმა მთავარმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” მზად არის მეორე ტურისთვის.
„კანონმდებლობით ჩვენ გაწერილი გვაქვს, თუ რა უნდა მოხდეს მეორე ტურამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ ცალკეულ ხარვეზში გაერკვეს, გაასწოროს ეს ხარვეზი და მეორე ტურს ჩვენ შევხვდეთ ისევ კონკურენტულ გარემოში. „ქართული ოცნება” მზად არის, მეორე ტურში სამართლიან ბრძოლაში ჩაერთოს, მზად არის – გაიმარჯვოს, რისთვისაც არ არის მზად „ნაციონალური მოძრაობა” და მისი დესტრუქციული მოკავშირეები. მათ იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ, თავს იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის კაპიტულაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.