„დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის იბრძოდი სულის ამოხდომამდი“ – სულხან-საბა ორბელიანის გახსენება

ნოემბერი სულხან-საბა ორბელიანის თვეა. დიდი მოღვაწე, მეიგავე, დიპლომატი და მეცნიერი 1658 წლის 3 ნოემბერს, ქვემო ქართლში, ბოლნისის მახლობლად, სოფელ ტანძიაში დაიბადა.
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო. სულხან-საბა ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას.
ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი” („სიტყვის კონა”, 1685 – 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
სულხან-საბა ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა” (1686 – 1695 წწ.). ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში”, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი.
სულხან-საბა ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია „ქილილა და დამანა”. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.
სულხან-საბა ორბელიანი დასახმარებლად დასავლეთს მიმართავდა. სულხან-საბა პარიზში ეახლა ლუდოვიკო XIV-ს. იტალიაში კი რომის პაპს კლიმენტი XI-ს. საფრანგეთმა საქართველოს ქვეყანას დახმარება აღუთქვა. მაგრამ ისტორიის ფურცლებს არ შემორჩა ამ დიდი სურვილის დამადასტურებელი ფაქტები.

გიორგი ლეონიძე

სულხან-საბას
 
დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი!
 
და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, –
 
რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა…
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.
 
მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი,
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,
შენის ხალხისთვის დღესაც მწეთ არი..
ახალნაშენი სამშობლოს შვილი,
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები:
შენი ცრემლის რწყვით, შენის ამაგით,
გამოკვებულა ჩემი ფესვები…
 
1928 წელი
 
 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები