გოგა ხაინდრავა: ოპოზიცია შეიკრიბება ერთი-ორჯერ, მერე ყველა შეძვრება პარლამენტში, ერთმანეთს დაასწრებენ შესვლას

“შეიკრიბებიან ერთი-ორჯერ და მერე ყველა შეძვრება პარლამენტში. ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას”, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ოპოზიციასთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის დიდი მცდელობა იმისა, რომ საქართველო არიონ.
„რა მასშტაბურ აქციას აანონსებენ? მასშტაბურ აქციას აანონსებენ უკვე 10 წელიწადია. მაგათი მასშტაბური აქცია არის 20-21 ივნისი და პარლამენტზე შტურმი. სააკაშვილი ხან გვირაბით მოდის, ხან ზღვით, ხან ცით და ხან არ ვიცი, რით. ეს მოლოდინები მოლოდინებად დარჩება. ნახევარი ცხოვრება საპროტესტო აქციებზე მაქვს გატარებული. იმისთვის, რომ ეს მოლოდინიები ასრულდეს, ეს მოლოდინი ქართულ საზოგადებაში უნდა იყოს და ეს ასე არაა. ქართულ საზოგადოებას არ უნდა არეულობა. გონიერ ქართულ საზოგადოებას ესმის, რა დღეში ვართ ჩვენ, ერთი მხრივ, ამ პანდემიის გამო, მეორე მხრივ, რეგიონში იმ ცეცხლით, რომელიც ჩვენ გარშემოა. არავის უნდა ამ ცეცხლის აქეთ გადმოტანა. არავის უნდა არეულობა საქართველოში, სააკაშვილისა და მისი მიმდევრების გარდა. ქუჩა არეულობაა. ჩვენ ხომ ყველა ვიყავით არჩევნებზე? ხალხმა ხომ ნახა, როგორ ჩაიარა არჩევნებმა? რაც უნდა ილაპარკოს ტელევიზორმა, ხალხმა ხომ ნახა? არჩევნების გაყალბება რა არის, ნუ მასწავლის ბადრი ჯაფარიძე. ძალიან კარგად ვიცი, რა არის. ნანახი მაქვს, როგორ გამოჰქონდა სპეცრაზმს ყუთები უბნებიდან. კადრები მაქვს არქივში, თუ გინდათ, გაჩვენებთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ და არა – ქვეყნის მომავალი.
„შაშკინი იარაღით დადიოდა საარჩევნო უბნებზე. მაგაზეა აპელირება ოდირ-ის, სხვა საერთაშორისო სადამკვრივებლო მისიების ანგარიშებში. როცა ლაპარაკობენ ძალადობაზე, დაშინებაზე, ამას გულისხმობენ იმიტომ, რომ ერთადერთი ფაქტი ამ დაშინებისა, რომელიც ვნახეთ, ეგ იყო. შაშკინი მაგათი სახეა. ის იყო განათლების მინისტრი, სასჯელაღსულების მინისტრი, სადაც ხალხს აწამებდნენ, მერე თავდაცვის მინისტრი გახდა. ახლა მსროლელია, ეტყობა, “ძველი ბიჭია”, თუ ვინაა, ვეღარ გავიგე. იარაღით დადის საარჩევნო უბნებზე. ოქრიაშვილზე აღარაფერს ვამბობ. ეს ყველამ ვნახეთ. ხომ ვნახეთ „გრანდიოზული“ აქციები? ხალხი ქუჩაში ემოციას გამოჰყავს. ემოცია არის პირველი, რაც გემართება, როცა რაღაც განუკითხაობას, უსინდისობას ან უკანონობას ხედავ. პროტეტში იმ წუთში იბადება შენში. ამიტომ, იმ ღამეს უნდა ყოფილიყო პროტესტი. კარვებიც დადგეს, მოამზადეს ყველაფერი, მაგრამ კი ვნახეთ ის პროტესტი. აქტივისტები არ მივიდნენ მაგათთან. შეიკრიბებიან ერთი-ორჯერ და მერე ყველა შეძვრება პარლამენტში. ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას იმიტომ, რომ ესაა მათი ოცნება – საკუთარი თავი, არცერთ მათგანს არ აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი და მომავალი. ხომ არ შედიან პარლამენტში? მაშინ ჩახსნან სიები. მაშინ გასაგები იქნება, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. მაგრამ ამას არ გააკეთებენ. ისინი დროს ჭიმავენ, იქნებ, როგორმე, წყალი აამღვრიონ. ახლა არის დიდი მცდელობა, რომ საქარველო არიონ იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ვერ ერევა და ვერ ამტვრევს ხერხემალში, საქართველოა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსნებთ, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება“ – 48.23%; “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27.16%; “ევროპული საქართველო“ – 3.78%;
“ლელო“ – 3.16% ; “პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%;
“სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15%; “გირჩი“ – 2.89%; “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1.33%; “ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას საპროტესტო აქციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები