ლევან დავითაშვილმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე პანდემიის პირობებში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აგროსასურსათო სისტემების მდგრადობის, მოსახლეობის ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ფარგლებში. გლობალურ პანდემიას საქართველოც ებრძვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 43 % დასაქმებულია აგრარულ სექტორში. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, ერთიანი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ გლობალური გამოწვევების მართვას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კრიზისის პერიოდში სასურსათო მარაგების კონტროლისა და ეფექტიანი ლოგისტიკის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე” ძირითადი მიმართულებები და იმ მთავარი ცხრა სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი გააცნო, რომელზეც სტაბილური ფასის შენარჩუნების საკითხს კრიზისის პერიოდში სახელმწიფო მუდმივ მონიტორინგს უწევდა.
ონლაინშეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
რეგიონულ კონფერენციას, რომლის ვირტუალური მასპინძელი უზბეკეთის რესპუბლიკა იყო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდანFAO-ს წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.