„გლდანში არჩევნები იყო ძალადობრივი, ეს „ნაცმოძრაობისა“ და მათი კრიმინალური ავტორიტეტების დამსახურებაა“, – შაკო კუჭაშვილი

“გლდანში არჩევნები იყო ძალადობრივი, ეს „ნაცმოძრაობისა“ და მათი კრიმინალური ავტორიტეტების დამსახურებაა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ ერთერთმა დამფუძნებელმა, შაკო კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გლდანში, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებს აწყობდნენ.
„31 ოქტომბერი გლდანისთვის აღმოჩნდა მართლაც ძალზე საინტერესო, ძალადობრივიც. ეს „ნაცმოძრაობის“ დამსახურებაა. ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად „ჭყიპინა“, რომელიც გლდანში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს წარმოადგენს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაშინებას, სხვადასხვა გზით არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლას. მან გლდანში 31 ოქტომბერს არაერთი პროვოკაცია მოაწყო, იდგა უბნებთან, იცოდა – ვინ იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მათ აგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამან სიტუაცია მკვეთრად დაძაბა. მასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ჯაბა ზარასპაშვილი. „ნაცმოძრაობას“ სურს, ამ ადამიანების მონაწილეობით გლდანში სიტუაცია დაძაბოს. ჩვენ ზუსტად 1 თვის წინ „კვირას“ პრესკლუბში ვამბობდით, რომ ირაკლი ეძგვერაძე, ჯაბა ზარასაშვილი, კახა ალადაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს არჩევნები არ იყოს მშვიდობიანი. სამწუხაროდ, მათ ეს 31 ოქტომბერს გამოუვიდათ. ჩვენი მიზანი გლდანში იყო ის, რომ არჩევნებში მაქსიმალურად მშვიდობიანი ყოფილიყო. ეს არ გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობისა“ და მათი კრიმინალური ავტორიტეტების გამო. ჩვენ გავქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩვენს განეიტრალებას. საერთოდ არაფრის გვეშინია. მათ არაფრის თავი არ აქვთ, მოვიდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გლდანში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. რაც შეეხება მეორე ტურს: რატომ მოიხსნა და გადააგდო სამაჯური ნიკა მელიამ? იმიტომ, რომ ზუსტად იცის, მეორე ტურს ვერ მოიგებს. მისი ამოცანაა, დააკავონ და შემდეგ თქვან, რომ ეს პოლიტიკური დევნაა“, – განაცხადა კუჭაშვილმა.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა, ნიკა მელიამ 43.86% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან, ლევან კობიაშვილმა 42.66%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები