“დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი მისამართით „ნაცებისგან“ მოდის მუქარები, ყველა გზით ჩვენს განეიტრალებას აპირებენ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებელმა, ლიკა გამრეკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამრეკელის თქმით, მათი ორგანიზაცია არჩევნებს გლდანში აკვირდებოდა. როგორც ლიკა გამრეკელი აცხადებს, მეორე ტური გაცილებით დაძაბული იქნება.
„გლდანში ყველაზე რთული არჩევნები იყო. ფაქტობრივად, ეს არჩევნები დაიწყო და დამთარდა მთლიანად ძალადობით. იყო არაერთი ექსცესი. ძალიან ნათლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მეორე ტური იქნება უარესი, ვიდრე პირველი ტური იყო. დღეს, სანამ პრესკონფერენციას დავიწყებდით, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ „ნაცებისგან“ მოდის მუქარები ჩვენი მისამართით. აპირებენ ჩვენს განეიტრალებას ყველა გზით. ალბათ, იქნება დახვედრები, ცემები, ჩხუბები, როგორც აქვთ მათ სისხლში. პირდაპირი მნიშვნელობით, გინებები იყო უბნებზე. ირაკლი ეძგვერაძე, ე.წ. ჭყიპინა პირდაპირ უბანზე იგინებოდა, აგინებდა მოსულ ამომრჩევლებს. ეს არჩევნების პირდაპირი ხელის შეშლაა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მეორე ტური ბევრად უფრო მძიმე და დაძაბული იქნება. ამიტომ, ყველა ადამიანს, ვისაც ხმა არ მიუცია, ნეიტრალური იყო, მოვუწოდებთ, ნუ დაუშვებთ – ის ძალა მობრუნდეს, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია სისხლზე, ძალადობაზე. ძალიან გთხოვთ, გამოდით ყველა არჩევნებზე. დავანახოთ, რომ ჩვენ, ვინც გადავაგდეთ ის ხელისუფელბა, ისევ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა, ნიკა მელიამ 43.86% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან, ლევან კობიაშვილმა 42.66%.