20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე 18 საჩივარი დაარეგისტრირეს

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის დამკვირვებლებმა 18 საჩივარი დაარეგისტრირეს და 45-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

საჩივრების ნაწილის შინაარსი ასეთია:
ბოლნისი. #14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია უბანზე არეულობა და დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა „ძალა ერთობაშიას“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამომრჩეველს ამავე რეგისტრატორმა იქამდეც არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულთა დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.
წყალტუბო. #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ქუთაისი. #23.59.10. საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებს ამომრჩეველთა ნაკადს, რაც იწვევს ქაოსს. შენიშვნისა და გაფრთხილების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი როგორც უბანზე, ისე საოლქო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავდაპირველად საჩივარს არ არეგისტრირებდა. გაფრთხილების შემდეგ, რომ შესაძლოა, დამდგარიყო მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა უბანზე საჩივრის დარეგისტრირების საშუალება.
გარდაბანი. ქესალოს #64-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ხელში ეკავა მობილური, მაგრამ იმ მომენტისთვის არ აწარმოებდა ფოტო ან ვიდეო გადაღებას. თავმჯდომარემ მას აუკრძალა ფოტოგადაღება და დაემუქრა, რომ დაატოვებინებდა უბანს. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის თაობაზე.
ბათუმი. 28.79.19 საარჩევნო უბანზე უბანზე მყოფი ორი პარტიული დამკვირვებელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, რაზეც თავმჯდომარეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა სთხოვა, მოეხდინა რეაგირება, რადგან ეს ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნიშნებს. თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა და განაცხადა, რომ პირიქით, ეს ქმედება უბანს შესაძლო ე. წ. კარუსელისგან დაიცავდა. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.
ბოლნისი. 14.23.51 საარჩევნო უბანზე დილიდან იყო ქაოსური სიტუაცია. ეზოში მობილიზებული იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც გააკეთეს ე.წ. კორიდორი. ნაწილი შემოდიოდა საარჩევნო უბანზე, თითქოსდა კონკრეტული ამომრჩევლის დასახმარებლად და ქმნიდა არეულობას. თავმჯდომარე სათანადოდ არ რეაგირებდა ამ დარღვევებზე, არ უზრუნველყოფდა უბანზე მშვიდ გარემოს და არ ახდენდა საარჩევნო უბნის ეზოში ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის პრევენციას.
მარნეული. 13.22.72 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას, 12:00 საათზე სადემონსტრაციო ოქმში თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ამ დროისთვის მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 270, მაგრამ რეალურად, რეგისტრატორებს ხელმოწერები რაოდენობა არ გადაუთვლიათ. თავმჯდომარის განცხადებით, მან სავარაუდო ციფრი მიუთითა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ გადაითვალეს ხელმოწერები და დაფიქსირდა, რომ 257 ამომრჩეველი იყო მისული უბანზე.
გორი. 15.32.38. საარჩევნო უბანზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველთან კონტაქტს, ხმამაღლა საუბრობდნენ და არკვევდნენ ამომრჩევლის ვინაობას. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მიუთითა, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია. დაიწერა საჩივარი დამრღვევ პირთა ტერიტორიიდან გაშვების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები