ადამიანის უფლებათა ცენტრი: ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ, მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან: 1. კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებიან და აშუქებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის – humanrights.ge-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე – მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებას”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფომრმაციაში.
მათივე განმარტებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ვითარება. ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე – გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ.

დარღვევების თაობაზე მომზადებულ საჩივრებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარუდგენს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში კი – სასამართლოს. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი – კონფლიქტები”, – განმარტავს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები