გიორგი ცუცქირიძე: სექტემბერში ეკონომიკა ფაქტიურად ზრდის ტრენდზეა გასული

„ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები სექტემბერში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თუ აგვისტოში კლებამ -5.3 % შეადგინა, სექტემბერში წინასწარი შეაფასებით 1 %-იან ზღვარსაც კი ჩამოცდა და -0.7 % შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ სექტემბერში ეკონომიკა, ფაქტობრივად, ზრდის ტრენდზეა უკვე გასული”, – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი,  გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
„საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას, ექსპერტი ამბობს, რომ რეცესიული ეკონომიკიდან სწრაფი გამოსვლა, პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რაც მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად, არის პოსტკრიზისული პერიოდის მთავარი ამოცანაც. მისი თქმით, მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებებიც მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული მიმართულებით ამ კონტექსტშია სწორედ მნიშვნელოვანი ისევე, როგორც განხორციელებული და მიმდინარე სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერის პაკეტები, რომლებიც მიმართულია კრიზისისი შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერაზე.
„მნიშვნელოვნად არის შემცირებული საშუალო წლიური კლების მაჩვენებელიც, იანვარ-აგვისტოს 5.6 პროცენტთან შედარებითაც და 5 %-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო!
სექტემბერში ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი კონტრიბუციიდან საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციებიც უნდა გამოიყოს. 2020 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 8.6 პროცენტით გაიზარდა, რაც მთავარია, გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის განსაკუთრებით მაღალი 27.0 პროცენტიანი ზრდა. ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა პოლიტიკამ, რაც მთავარია,  მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკურ საერთაშორისო ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემებისა. ამასთან, ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია, მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზისა, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში  ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება 2021-2025 წლებში, საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება და შესაბამისად, შედარებით სწრაფად გამოვა რეცესიიდანაც,“ – აღნიშნავს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები