კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა დაიწყო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში. პროექტის მიზანია ადგილობრივების სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება.
სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს და 11 თვეში უნდა დაასრულოს. მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით სოფელში განთავსდა საინფორმაციო ბანერები. სამუშაოების ღირებულება 2,4 მილიონ ლარზე მეტია.
ამ ეტაპზე, სოფელ აღაიანს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება.
დასახლებაში არსებული წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილს თვითნებურად მოწყობილი ჭები აქვს, თუმცა ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.
პროექტით გათვალისწინებულია ახალი წყალსადენის ქსელის, რეზერვუარების, ჭაბურღილების მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 500 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.