ნათია თურნავა: 2022-2024 წლებში დამატებით კიდევ 211 დასახლებული პუნქტი და 33 ათასი ოჯახი გაზიფიცირდება
„საქართველოს გაზიფიცირება და ბუნებრივი აირის ქსელით დაფარვა ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს – ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა და 2022-2024 წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტის 33 ათასი აბონენტი შეუერთება გაზიფიცირების ქსელს,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2019-2021 და 2022-2024 წლების ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, საქართველოში გაზიფიცირებული ახალი დასახლებული პუნქტების რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.
„საქართველო გაზიფიცირების დონითა და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის გაწეული სამუშაოების მეშვეობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალგაზიფიცირებული ქვეყანა გახლავთ. თუ სხვა ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ, საუბარია ჩვენი ლანდშაფტის მსგავსი და რთული რელიეფის მქონე ქვეყნებზე, გაზიფიცირების დონე იმ ქვეყნებში უფრო დაბალია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ რთულ დროს, როდესაც ვებრძვით პანდემიას, გამოინახა დამატებითი რესურსები გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის გასაგრძელებლად.
2021 წლის ბოლოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი – 1 მილიონ 400 მლნ-მდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული 2019 – 2021 წლებზე გათვლილი გაზიფიცირების პროგრამის წარმატებით და რაც მთავარია, ვადების სრული დაცვით განხორციელებით.
2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით. 2019-2021 წლების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ. ლარს შეადგენს.
2019-2021 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში გაზის შეყვანა, აქედან 92 დასახლებული პუნქტი და 2 მკვებავი გაზსადენი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში – სამეგრელოს რეგიონშია.
3-წლიანი გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი აირი შედის ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც გაზი ისტორიულად არასოდეს ყოფილა, მათ შორის, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.