მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს შუა დერეფნის განვითარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ნაბიჯი იყო საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუნარიანობა და განახევრდა საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებული ტრანზიტის დრო. ამ პროექტზე მარიამ ქვრივიშვილმა ტაშკენტში, ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი საბოლოო ფაზაში შედის და მისი დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტს, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ოპერირების შემდეგ მგზავრობის დრო შემცირდება ორი საათით, ასევე შემცირდება ტრანსპორტირების ხარჯები და გაუმჯობესდება უსაფრთხოება, რაც საქართველოს ტრანსკონტინენტური ქსელის კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სეგმენტად აქცევს.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია კოორდინირებული სერვისების, კონკურენტუნარიანი ტარიფებისა და პროგნოზირებადი სატრანზიტო გრაფიკის შეთავაზების კუთხით, რაც აძლიერებს შუა დერეფნის საიმედოობას გლობალური გადამზიდავებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო მოცულობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები