“კრემლის რომელი დაჯგუფებები აკონტროლებენ საქართველოს” – ინტერვიუ საერთაშორისო უშიშროების ექსპერტთან

კრემლის რომელი დაჯგუფებები აკონტროლებენ საქართველოს, აღნიშნულ და სხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროდ “კვირამ” ინტერვიუ ჩაწერა  საერთაშორისო უშიშროების ექსპერტ ქერიმ მამად ოღლუსთან.

-პირველ ყოვლისა, მინდა, გკითხოთ იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა უკანასკნელ პერიოდში დაძაბული სიტუაციის ინსტიგაცია დავით გარეჯის გარშემო? ეს პრობლემა ხომ აქამდე, პრაქტიკულად, არ იყო.

ნამდვილად ასეა. აქამდე  ორ ქვეყანას შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობები იყო. მეტიც, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთსაც ეხმარებოდნენ. 2007 წლის შეთანხმება მიშა სააკაშვილსა და ალიევს შორის დროებით ხასიათს ატარებდა. მაშინ სიტუაცია მარტივი იყო. აზერბაიჯანს სჭირდებოდა ახალი სამხედრო მოქმედებების დასაწყისისათვის სტრატეგიული სიმაღლეები და, მათ შორის, ჩიჩხიტურის ქედი. იმ 80 მილიონის გადახდა მოხდა დროებითი საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც აზერბაიჯანული სამხედრო შენაერთები გააკონტროლებდნენ ქედებსა და სტრატეგიულ სიმაღლეებს, საქართველოს შეუნარჩუნდებოდა მფლობელობა კულტურის ძეგლებზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წლიდან, როდესაც სომხეთში მოხდა რევოლუცია და იქაური ხელისუფლება მკვეთრად პროდასავლური გახდა. ფაშინიანის პირველი ვიზიტი სწორედაც რომ თბილისში დაიგეგმა, ბაქოში დაიწყეს ნერვიულობა იმაზე, რომ არ გამოკვეთილიყო ახალი – თავისი არსით ძველი ქრისტიანული ალიანსი ქართველებსა და სომხებს შორის, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერას მოიპოვებდა. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ალიევმა, რომელიც ამავე დროს მოსკოვის უშიშროების მაღალი დონის წარმომადგენელიც გახლავთ, გააათკეცა თავისი ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინსა და რუსულ სპეცსამსახურებთან. სწორედ 2018 წელს ჩაისახა საქართველოს ,,ორმაგი ოკუპაციის“ გეგმა აზერბაიჯანისა და რუსეთის მონაწილეობით. დავით გარეჯის მიმართულებით შემოტევა სწორედაც რომ კრემლის კაბინეტებში დაიგეგმა, როგორც საქართველოს დაშინებისა და დამორჩილების ფაქტორი. ,,თუ თქვენ რუსულ თამაშს არ ითამაშებთ, არა მარტო ჩრდილოეთიდან გელით ოკუპაცია – არამედ – სამხრეთის მიმართულებითაც, რაც თქვენთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება!“ – ეს იყო ის მესიჯი, რომელიც ალიევის საშუალებით კრემლმა საქართველოს გამოუგზავნა. ამავე დროს, კრემლი აქტიურად ეხარებოდა აზერბაიჯანს სომხეთთან ომის მომზადებაში – ის უკვე აღარ ენდობოდა სომხეთის პროდასავლურ მთავრობას და, აქედან გამომდინარე, მოსკოვის კომუნისტური პარტიის კულუარებში გაზრდილი ილჰამ ალიევი ბევრად უფრო მტკიცე მოკავშირე აღმოჩნდა მოსკოვისათვის, ვიდრე – საკუთარი ძალისხმევით ხელისუფლებაში მოსული ფაშინიანი. თანაც, ამას მოჰყვა რობერტ ქოჩარიანისა და  ,,ყარაბაღის კლანის“ წარმომადგენლების დაპატიმრება სომხეთში. ეს კი მოსკოვის პირდაპირი დასაყრდენი იყო, რომელსაც, დაახლოებით, 15 მილიარდი დოლარი აქვს დაგროვილი იმისათვის, რომ ეს ძალაუფლება განამტკიცოს. ალიევი და პუტინი 2018 წლის აპრილის შემდგომ, დაახლოებით, კვირაში ერთხელ ცვლიდნენ ემისრებს. ამ პროცესში ჩაბმულები იყვნეენ თურქეთის წარმომადგენლებიც, რომელთაც საკუთარი პრეტენზიები ჰქონდათ კავკასიაში. ასე რომ, წლევანდელი დიდი ომი ყარაბაღში უკვე 2018 წლიდან იგეგმებოდა სერიოზულად და ამ დაგეგმვაში კრემლი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ალიევს მოსკოვში შუამავლები არ სჭირდება, რადგან იგი იქ გაზრდილია, პრაქტიკულად და რუსული აზერბაიჯანულზე არანაკლებ კარგად იცის. მამამისი კი, მოგეხსენებათ, კგბ-ის ერთ-ერთი წამყვანი კადრი იყო, რომელსაც ქურთების ოპერაციები ებარა. ასე რომ, გასაკვირი არც უნდა იყოს, რა მოხდა დავით გარეჯში. ეს არის კრემლისა და ბაქოს ერთობლივად დაგეგმილი საოკუპაციო ოპერაცია.

– მართალია, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩაბმულია ისლამური სახელმწიფოს დაქირავებული მებრძოლები? როგორ ეგუება კრემლი ამ ფაქტს?

– ყველაფერი კრემლის თანხმობით რომ არ ხდებოდეს – უბრალოდ, ვერ მოხდებოდა. რუსი სამხედროები არაფერს აკეთებენ ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცების გასაჩერებლად. მეტიც, როდესაც ისლამური სახელმწიფოს დაქირავებული ჯარისკაცები მოფრინავენ აზერბაიჯანში, ისინი გადიან დაღესტანის ტერიტორიას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გადმოდიან სამხრეთით. რუსეთი ისლამისტებს წარმატებით იყენებდა 1992-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ. ყველას კარგად ახსოვს შამილ ბასაევის რაზმის ბარბაროსული ქმედებები. დღეს ისლამური ჯგუფები გამოიყენება ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგოდ – და ეს ხდება კრემლის აშკარა თანხმობით. ამის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანიც ხაზს უსვამს მის პოზიტიურ ურთიერთობებს რუსეთთან და, ამავე დროს, არ მალავს თავის სიძულვილს სომხების მიმართ. ესეც ბევრი რამის მანიშნებელია. საქმე გვაქვს ტაქტიკურ ალიანსთან, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი და თურქეთი დასავლეთის წინააღმეგ გლობალურ ბრძოლაშიც გაერთიანდნენ. დღეს საქართველო და სომხეთი მათთვის დასავლეთის პატარა ფორტ პოსტები არიან კავკასიაში და ერთობლივად ცდილობენ, მთლიანად გაანდგურონ ეს ფორტ პოსტები.

-რა გავლენა აქვს კრემლს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე?

-რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, როგორც ყოველთვის. აქ მათ დიდძალი კადრები ჰყავს და უამრავ პარტიასა და პოლიტიკურ ძალას აკონტროლებენ. მათ შორის, ყველაზე მეტად იმათ, ვინც, პირველ ყოვლისა, კრემლის საწინააღმდეგო მესიჯებით გამოდის. ეს არის ყველაზე კარგად დაცდილი ტაქტიკა – ,,აგენტი-პროვოკატორები“. კრემლმა, ბოლო ხანებში დაიწყო მემარჯვენე ექტრემისტული ჯგუფების მომრავლება. ეს ახალი ტაქტიკაა, რომელიც, დაახლოებით, 2010 წლიდან დაიწყო. მანამდე კრემლი, ძირითადად, ეყრდნობოდა ძველი სტილის მემარცხენე ორიენტაციის ჯგუფებს, როგორიც იყო, მაგალითად, პანტელეიმონ გიორგაძის კომპარტია ან ასლან აბაშიძის ,,აღორძინება“. 2010 წლიდან უკვე შეიმჩნევა ულტრამემარჯვენე წრეების გაძლიერება, რომლებიც თავიანთ მოქმედებას აგებენ, ძირითადად, ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე და ცდილობენ, მიიღონ მხარდაჭერა ისეთი აუდიტორიისა, რომელსაც უნდა, ტრადიციული ოჯახური ცხოვრების წესით იცხოვროს. ასეთ ჯგუფებს კრემლი აფინანსებს არა მარტო საქართველოში, არამედ – მთელს ევროპაში და ჩრდილო ამერიკაშიც. ასე რომ, ფუნდამენტალისტური ქრისტიანული დაჯგუფებების გაძლიერება ისლამისტებთან ერთად დღევანდელი პოლიტკური თამაშის დიდი ნაწილია. აქ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს ეცილა კიდეც ჩემპიონის წოდების მისაღებად. თუმცა, იმის თქმა ძნელია, თუ რომელი მათგანი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

-რომელ ჯგუფებზე აკეთებს გათვლას კრემლი 2020 წლის 31 წლის არჩევნებში საქართველოში?

უნდა ითქვას, რომ კრემლი აშკარად უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებებით და სწორედ ამიტომაც დაიწყეს მათ დავით გარეჯის კამპანია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ნიკოლ ფაშინიანისგან განსხვავებით, ,,ქართული ოცნება“ არ არის რევოლუციური ხელისუფლება. მისი იმედი კრემლს ჰქონდა 2013-2014 წლებში, როდესაც ის თვლიდა, რომ ეს ძალა ,,რბილი მეთოდებით“ შეძ. ლებდა ქართული საზოგადოებრივი აზრის რუსეთისკენ გადახრას. თუმცა, სინამდვილეში, სხვა სურათი მივიღეთ: ივანიშვილის ძალამ თავისი ზომიერი პოლიტიკით მოახერხა კავშირების გაღრმავება დასავლეთთან და ახლა უკვე დიდი შანსია იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. რამდენიმე დღის წინ კონგრესმენმა, თულსი გაბარდმა წარმომადგენელთა პალატაში შეიტანა წინადადება თურქეთის ნატო-დან გარიცხვის თაობაზე. საფრანგეთმა თურქეთიდან საერთოდ ელჩიც კი გამოიწვია. საბერძნეთს თურქეთთან დიდი ხნის დაპირისპირება აქვს. თვით ნატო-ს ქვეყნები უპირისპირდებიან თურქეთს რუსეთზე უფრო მეტად. ამ დროს ჩვენ გვესმის ჟირინოვსკის მიერ გაჟღერებული თურქეთის მხარდაჭერა დასავლეთთან ბრძოლაში. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა უკვე დაიწყო თურქეთის შემცვლელის ძებნა კავკასიის რეგიონში და საქართველო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. კრემლის განსაკუთრებულ შიშს იწვევს ის, რომ თუ საქართველო და შემდეგ უკვე სომხეთი ნატო-ს შეუერთდნენ – ის მთლიანად დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე. სწორედ ამიტომ, ალიევი დღეს მოსკოვის პირველი მოკავშირეა. საქართველოში კი კრემლი აჯანყების სცენარებს ამზადებს – ეს იქნება თბილისში თუ საოლქო კომისიებში – ეს მე ჯერ არ ვიცი – თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ კრემლი თბილისში აჯანყებას ამზადებს.

-რა ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში აჯანყების მოწყობისას? ვინ არის მისი დასაყრდენი?

ასეთი ჯგუფი ბევრია. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ სავსეა ჩინიანი გრუ-ს წარმომადგენლებით. მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის კავშირებზე კრემლთან ბევრმა იცის უკვე და ამაზე დიდ დროს აღარ დავხარჯავ. სააკაშვილი პირდაპირ მითითებებს იღებს გრუ-ს შტაბ-ბინიდან როგორც უკრაინაში, ასევე – საქართველოში. ამას დაუმატეთ მისი სიის რამდენიმე ძალიან გავლენიანი წევრი, რომელიც კგბ-ს შტატიანი თუ უშტატო წარმომადგენელი იყო: ეს იქნება მომღერალი ბუბა კიკაბიძე, მომღერლების ,,მწყემსი-ჰენდლერი“ გრიგოლ ვაშაძე და აგრეთვე ბევრი სხვა, მათ შორის, გრუ-ს კორიდორებში გაზრდილი სამხედრო მოსამსახურეებიც. ეს საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც ახლაც გეგმავს აჯანყების სცენარებს საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებით გამარკვების არავითარი შანსი არ აქვთ, მაგრამ არეულობის მოწყობაში ძალიან დიდი ფულია ჩადებული. ამაში კრემლს ბაქოც ეხმარება – ,,სოკარის“ ფული აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო მედიამანიპულაციებისთვის და აგრეთვე მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის აჯანყებაში ჩაბმისთვის. პუტინისა და ალიევის ალიანსი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღდმდეგ საკმაოდ ძლიერია და ამიტომაც ქართულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს.

-კრემლი მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის“ იმედზეა?

-არა, რა თქმა უნდა. 2013 წლიდან საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს ეგრეთ წოდებული ევტუშენკოვის ჯგუფი. ამ ჯგუფის ლიდერად მოიაზრებოდა ლევან ვასაძე – თუმცა, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ევტუშენკოვს ვასაძის გარდა ჰყავს ახლა ჩრდილში მდგომი კარგად გაწვრთნილი რაში, რომელიც სწორედაც რომ კრიზისის პერიოდში წამოჰყოფს თავს. ვასაძეს თვით ევტუშენკოვთან ახლო ურთიერთობის გამო არ უნდა არც არჩევნებში მონაწილეობა და ის ,,კულტურული აიკონის“ სტატუსით კმაყოფილდება. ამიტომაც, ევტუშენკოვის ჯგუფს საცებები აქვს სხვა ოპოზიციურ ჯგუფებში, რომლებიც ასევე ვერ იტანენ პირადად ივანიშვილს. დღესდღეობით, შემიძლია გითხრათ, რომ მას კავშირი აქვს როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიასთან, ასევე – გიორგი ვაშაძის ახალ და კარგად დაფინანსებულ ძალასთან. ამ პარტიებში ევტუშენკოვს ჰყავს საიმედო დასაყრენი ძალები. დიდი შანსია, რომ, სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოშობის შემთხვევაში, ამ ორ ძალას ან ერთად ან ცალ-ცალკე შესთავაზონ საქართველოს მართვა. ევტუშენკოვის ჯგუფს საქართველოს მმართველობისათვის წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოეყოფა, სწორედ ამიტომაც, ის ყველაფერს იზამს, რომ მისმა დასაყრდენმა ძალებმა შედეგს მიაღწიონ.

– რუს ოლიგარქებს შორის საქართველოს, ძირითადად, ევტუშენკოვი კურირებს?

-არც მანდ არის საქმე ისე, რომ კონკურენცია არ იყოს. მაგალითად, ევტუშენკოვის მტრად მოიაზრება იგორ გიორგაძე, რომელსაც საკუთარი ღრმა კავშირები აქვს ,,ნაციონალური მოძრაობასთანაც“ და აგრეთვე ულტრამემარჯვენე სხვა დაჯგუფებებთან , მაგალითად, ,,ქართულ მარშთან“, რომელთან ურთიერთობებსაც ვეტერანი რუსეთუმეების საშუალებით აგვარებს. გიორგაძის გავლენის ქვეშაა  ,,ალტ-ინფოს“ ჯგუფი. გიორგაძეს თავის დროზე დავერბოვკებული ჰყავს ამ ჯგუფების დამფინანსებლები – მათ შორის, კოდუების კლანის წარმომადგენლები და მათი საშუალებით ცდილობს, მოაძლიეროს ეს ექსტრემალური ჯგუფები. ის ამით ევტოშენკოვსაც ებრძვის, რომელსაც მის წრეში ,,ებრაელ კაბალისტს“ უწოდებენ – ყველასთვის ცნობილია, რომ ევტუშენკოვი კაბალისტი ებრაელია და ლუჟკოვის სიძე. გიორგაძეს გათვლა აქვს უფრო ფუნდამენტალისტურ მართლმადიდებლურ ელემენტებზე და ის ამავე დროს ვასაძესაც უპირისპირდება. ისინი, შეიძლება ითქვას, რომ მტრები არიან. გიორგაძე ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ კადრებს ეყრდნობა და მთავარ დასაყრდენ ძალად იყენებს კოდუების კლანს, რომელიც ბიზნეს ინტერებითაც არის დაკავშირებული მოსკოვთან. რომელ პარტიაზე დადებს ფსონს საბოლოოდ იგორ გიორგაძის დაჯგუფება, რთული სათქმელია, რადგან მისი კავშირები ყველაზე მყარი სწორედ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის. მაგრამ რამდენად შეძლებენ მიშა სააკაშვილი და იგრო გიორგაძე კრემლის მმართველობის ქვეშ ერთად მუშაობას – ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამიტომაც, გიორგაძეს ჰყავს კიდევ რეზერვები შედარებით მემარცხენე ძალებში – შესაძლოა, ლეიბორისტულ პარტიაშიც კი. თუმცა, ამაზე დანამდვილებით თქმა დღეს გაჭირდება. დრო ყველაფერს გამოჩენს. ფაქტია, რომ გიორგაძის დაფინანსებით კარვების გაშლას არეულობის მოწყობის მიზნით უკვე ,,ლეიბორისტებიც,, აპირებენ და ,,ნაციონალებიც,,. არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს კიდევ ერთი ძალა, რომელიც მოულოდნებლად ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას, თუ ოპოზიციამ მოახერხა ,,ქართული ოცნების“ გადმოგდება.

-,,პატრიოტთა ალიანსი“ არ შედის კრემლის მიერ მომზადებულ ძალებში?

-,,პატრიოტთა ალიანსი“ ღიად აცხადებს თავის განზრახვებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ეს მას შანსებს უკარგავს, რომ ჭეშმარიტად კრემლის ძალა იყოს, რადგან მოსკოვმა კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც საკმაოდ უარყოფითად არის განწყობილი რუსული იმპერიალიზმისა და ქართული მიწების ოკუპაციის მიმართ. გარდა ამისა, დავით თარხან-მოურავს თავისი ღია კავშირები აქვს რუსეთის დუმის წევრებთან და ნაკლებად წარმოსადგენია, მან კონსპირაციული ,,დავალებების“ შესრულება შეძლოს ისე, როგორც ამას სააკაშვილი ან სხვა ძალები აკეთებენ უკვე წლების განმავლობაში. ასე რომ, ,,პატრიოტების“ შანსი, რომ მოსკოვი მათ დახმარებას გაუწევს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ყველაზე ნაკლებია. მათი ერთადერთი შანსი ის არის, თვითონ მოიპოვონ გამარჯვება, რაც არჩევნების მანიპულაციების დღევანდელი სისტემის დროს, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ამას კრემლი რეალისტურად უყურებს და, აქედან გამომდინარე, ,,პატრიოტების“ გამარჯვების იმედზე მოსკოვი არ არის. ამის თქმა თამამად შეიძლება.

-რომელი პარტიები არ არიან კრემლის დაქვემდებარების ქვეშ?

-ასეთი პარტია უამრავია, რა თქმა უნდა. კრემლი ვერ შეძლებს ყველა პატარა პარტიის გაკონტროლებას. ფაქტია, რომ მან ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გაკონტროლებაც. დღეს კრემლს, პირველ ყოვლისა, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ნატო-ში შესვლის პერსპექტივის ეშინია. სწორედ ამიტომ მზადდება ამდენი აჯანყება და არეულობის სცენარები – დავით გარეჯიდან დაწყებული და ზუგდიდის მოვლენებით დამთავრებული. ,,ქართული ოცნების“ ჩამოგდება კრემლის პირველი პრიორიტეტის ამოცანაა. აგრეთვე, კრემლის გავლენის ქვეშ არაა ,,ევროპული საქართველო“ , ,,ლელო“ – და სხვა პატარა საპარლამენტო პარტიები. ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს 1990-იანი წლებიდან და ის იდეურადაც აკეთებს ამას. ცხადია, ბოკერია არ არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ფიგურა, მაგრამ მას, მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად, დასავლეთში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილზე ბევრად მეტი. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოკერია ამერიკული სპეცსამსახურების პროექტია, მიშა სააკაშვილი კი –  რუსულისა. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი – განსაკუთრებით, პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ – ვაშინგტონი სააკაშვილის ხელისუფლებას ბოკერიას ,,ხათრით“ უჭერდა მხარს. ახლაც, ამ მხრივ, მდგომარეობა არ შეცვლილა. აგრეთვე, დასავლეთი იმედის თვალით უყურებს მამუკა ხაზარაძის ახალ ძალას, ,,ლელოს“. ისინიც დასავლური პროექტის ნაწილად მიიჩნევიან.

-რა შედეგს მოელით 31 ოქტომბრის არჩევნებზე?

-2020 წლის ნოემბრის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტი მოხდეს თურქეთსა და ნატო-ს სხვა წევრებს შორის. არც ის არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ან თვითონ დატოვოს ნატო ან მისი ქვეყანა გაირიცხოს ნატო-ს წევრობიდან. მოსკოვსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს კავკასიაში. აქედან გამომდინარე, დასავლეთის ინტერესებში შედის, რომ კავკასიაში ნატო-ს ჰყავდეს წარმომადგენლები და ამ ინტერესების გამტარებელს ნებისმიერს დაუჭერს მხარეს. ეს ძალები დღეს არიან ,,ქართული ოცნება“, ,,ევროპული საქართველო“, ,,ლელო“ და სხვა დამოუკიდებელი კანდიდატები. თუმცა, რუსეთს კარგად მომზადებული არეულობის გეგმები აქვს და ასევე აქვს თურქეთსაც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 31 ოქტომბრის შემდეგ მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში. ესაა პირველი რიგის ამოცანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები