გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა

გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმის დაარსების წესდებას ხელი მოაწერეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა აქსელ ფიშერმა („ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია), სვენია შტადლერმა („სოციალ-დემოკრატიული“ პარტია), ტობიას ლინდნერმა (მწვანეთა პარტია), ოლავ გუტინგმა („ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია), მარტენ ფონ მარშალმა („ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია), იოზეფ რიფმა („ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია) და ოტო ფრიკემ („თავისუფალი დემოკრატები“).

მათივე ცნობით, ფორუმის დაარსების ინიციატივა ეკუთვნის დეპუტატ აქსელ ფიშერს, საქართველოს მეგობარს, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანლებს ფორუმის საქმიანობას.

„ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და მათი მზაობა ხელი შეუწყონ ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას, კარგ საფუძველს ქმნის ფორუმის მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აღსანიშნავია, რომ ფორუმი შექმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობისთვის, რაც მტკიცე საფუძველი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიალური მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიზნით“, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ.

უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ფორუმის გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ისე – გერმანელი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ფორუმში ჩართულობას.

გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი ამა წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები