სენაკში ჭადრაკის სახლი გაიხსნა

საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ქალაქში ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სენაკის კოლორიტის მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს.

ჭადრაკის სახლი სიმბოლურად სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მიხეილ ქურდოვანიძის შვილმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ პაატა ქურდოვანიძემ, პატარა მოჭადრაკესთან ერთად, გახსნეს.

საზეიმო გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სასპორტო გაერთიანების დირექტორი ჯუმბერ ლაშქარავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ეტაპზე, ა(ა)იპი ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ჭადრაკის სექციაში 50 მოზარდი ირიცხება.

გამორჩეულ და მაღალინტელექტუალურ თამაშს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, მერაბ ჯღამაძე და ზურაბ ლიფონავა ასწავლიან.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თუ მოზრდილებს ჭადრაკის დასაუფლებლად დღეიდან შესაბამისი გარემო ექნებათ.

სენაკს საჭადრაკო ცხოვრებისა და მიღწევების, გამოჩენილ მოჭადრაკეთა აღზრდის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს.

ამ ქალაქში 1947 წლიდან აქტიურად იმართებოდა ტურნირები ჭადრაკში.
სენაკში პროფესიული ჭადრაკის ფუძემდებელი მიხეილ ქურდოვანიძეა.

1970 წლიდან ქალაქში საჭადრაკო კლუბი ,,მხედრული“ და მუზეუმი გაიხსნა, სადაც იმართებოდა ტურნირები და ყოველთვის პირველობდნენ სენაკელი მოჭადრაკეები.

1971-72 წლებში სენაკში თამაშობდნენ მსოფლიო ჩემპიონები – მიხეილ ბოტვინიკი, სალო ფლორი, ანდრე ლილიენტალი და სხვები.

1993 წლიდან საჭადრაკო კლუბი დაიხურა, თუმცა 1995-2001 წლებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იმართებოდა სასკოლო პირველობები.

დღეიდან სენაკის საჭადრაკო ტრადიცია ღირსეულად გაგრძელდება და სენაკელი მოჭადრაკეები ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით არაერთ ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები