“საქართველოს წითელი ჯვარი” ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

“საქართველოს წითელი ჯვარი” ქალაქ ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

“საქართველოს წითელი ჯვრის” ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, “საქართველოს წითელი ჯვარი” მოქალაქეებს, დაზარალებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სთავაზობს ემოციურ მხარდაჭერასა და ფსიქოგანათლებას და, მომდევნო პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას.

“ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:

591 910 040 (ორშ./სამშ./პარ. 10:00-18:00 სთ.) / 591 910 045 (ოთხშ./ხუთშ. 10:00-18:00 სთ.). კონსულტაციის დასაგეგმად ასევე შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე: (032) 2 501 105. ტრავმულმა გამოცდილებამ (როგორიცაა ტყვეობა და გატაცება) შეიძლება გამოწვიოს შემდეგი რეაქციები: აზრები: განმეორებითი, შემოჭრითი ფიქრები და კადრები მომხდარი ფაქტის შესახებ; უარყოფა; მეხსიერების გაუარესება; კონცენტრაციის სირთულეები; დაბნეულობა/გაფანტულობა; შიში, რომ მსგავსი შემთხვევა განმეორდება; ზესიფხიზლე და/ან გაძლიერებული ცნობიერება.

ემოციები: შოკი, ემოციური მგრძნობელობის დაქვეითება, შფოთვა, დანაშაულის განცდა, დეპრესია, უძლურების და უსუსურობის განცდა.

ქცევა/ურთიერთობები: „წკიპზე ყოფნის განცდა“, სოციალური აქტიობებისთვის თავის არიდება, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან იზოლაცია.

ძლიერი სტრესული მოვლენების შედეგად ასეთი ფსიქოლოგიური რეაქციები ნორმალურია და დროში სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს.

რეკომენდაციები, რომლებიც ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ: საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო კონსულტაციის მიღება; უსაფრთხო და დაცულ გარემოში ყოფნა; საყვარელ ადამიანებთან კონტაქტის შენარჩუნება; სტრესული გამოცდილების გაზიარების საშუალება: მომხდარის შესახებ საუბარი; ტრავმული რეაქციების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაგ. როგორ მოქმედებს მომხდარი ადამიანის ყოველდღიურობაზე; საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული დახმარების/კონსულტაციის მიღება; დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობა და პირადი სივრცე (არაა რეკომენდირებული სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა, ძალადობის კადრების ყურება, მომხდარი მოვლენის ხშირი გაშუქება და კომენტარების მუდმივი მოთხოვნა მონაწილე პირებისგან); საჭიროა გარკვეული დრო გამკლავებისა და ადაპტაციისთვის, სანამ დაუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, სამსახურს. საქართველოს წითელი ჯვარი გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას! არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები