„ყველაფერს ვაკეთებ, რომ  ბავშვებს სპორტი შევაყვარო“ – როცა ჰობი და ძირითადი პროფესია განუყოფელია

ბავშვობიდან უყვარდა სპორტი  და ფეხბურთი. თბილისის მე-2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში მწვრთნელთა ფაკულტეტზე სწავლობდა.

შვილთან ერთად

შემდეგ კი დაუბრუნდა იმ სკოლას, რომელიც დაამთავრა და ამჟამად თბილისის 2 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგად მუშაობს, უფროსი მასწავლებელია…
მისი დიდი ძალისხმევით  სკოლის გოგონებისა და ვაჟების  ფეხბურთელთა  გუნდებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, გახდნენ საქართველოს ჩემოპიონები 1800 სკოლას შორის. თუმცა  პანდემიის გამო დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები და ვარჯიშები გადაიდო.
იმედს არ კარგავს, რომ სამომავლოდ  მრავალი ჩანაფიქრი განხორციელდება და სკოლის გუნდები კვლავ წარმატებულები იქნებიან ფეხბურთში.  – სპორტის პედაგოგის, გიორგი არჩაიას პერსონა.

 

– სპორტი და ფეხბურთი… როდის დაიწყო მათი  სიყვარული?
– მყავდა ძალიან მზრუნველი მშობლები,  დედისერთა  ვიყავი და, შეძლებისდაგვარად მისრულებდნენ ყველა სურვილს.
სპორტი ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს  არ უნდოდათ, ფეხბურთზე მევლო და უპირატესობას სწავლას ანიჭებდნენ, ფეხბურთის სიყვარულმა  მაინც სძლია ყველაფერს. ვცდილობდი, მებრძოლა, მევარჯიშა და მიმეღწია წარმატებისთვის.
თბილისის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობდით და ფეხბურთს კლუბ ნორჩ დინამოშითამაშობდით. როგორ უთავსებდით  სწავლას და სპორტს ერთმანეთს?
–  დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მშობლებს შევუთანხმდი, რომ იმ შემთხვევაში შემიყვანდნენ ფეხბურთზე, თუ სწავლას არ ჩამოვრჩებოდი. შესაბამისად, ვცდილობდი ორივე საქმე წარმატებით მეკეთებინა.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში მწვრთნელთა ფაკულტეტზე სწავლობდით,  შემდეგ კი დაუბრუნდით იმ სკოლას, რომელიც დაამთავრეთ და თბილისის 2 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგად მუშაობთ, ხართ უფროსი მასწავლებელი
 – სტუდენტობამ, როგორც ყველას, მეც შემძინა  ცხოვრებასა  და პროფესიაში გამოსაყენებელი ბევრი საინტერესო  თვისება.
სწავლის დასრულების შემდეგ მართლაც დავბრუნდი ჩემი მშობლიური  ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად.
სპორტი ჯანსაღი მომავლის საწინდარია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ  ბავშვებს შევაყვარო სპორტი, საამისოდ კი სახალისო და ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობებს ვატარებ.
– ვინ არიან მოსწავლეთა ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები?
– გვყავს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი – როგორც კურსდამთავრებული, ისე საუკეთესო მოქმედი ფეხბურთელები.  მათ შორის ზოგიერთი ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობს, როგორებიცაა – ,,საბურთალო’’, „დინამო’’.
გვყავს უცხოეთში მოთამაშე კურსდამთავრებულიც. ასევე – გოგონათა გუნდი. ისინიც საკმაოდ წარმატებულები არიან და საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობენ.
– თქვენი სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი 2019 წლის ჩემპიონი გახდა სკოლებს შორის შეჯიბრში….
– 2016 წლიდან ჩვენი სკოლის გოგონებისა და ვაჟების  ფეხბურთელთა გუნდებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, ვაჟები გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, 1800 სკოლას შორის, გოგონები კი – თბილისის ჩემპიონები.
დასამახსოვრებელი იყო ფინალური მატჩი, როდესაც ჩვენი გუნდი აგებდა 1:0-ს, მაგრამ მეორე ტაიმში სრული მობილიზება მოვახდინეთ და გავხდით საქართველოს ჩემპიონები, შემოვატრიალეთ მატჩი და მოვიგეთ 4:1. ამ დიდი წარმატების შემოქმედი იყო როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ისე თითოეული მასწავლებელი და მოთამაშე. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
– რას გვეტყოდით ზოგადად ფეხბურთის პერსპექტივაზე საქართველოში? როგორ უნდა დავბრუნდეთ იმ სიმაღლეზე, რაც ქართულ ფეხბურთს ოდესღაც ჰქონდა?
– ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად აუცილებელია, პირველ რიგში, ყურადღება მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს, რაც შეიძლება მეტი უფასო საფეხბურთო სკოლა, მეტი ხელშეწყობა ახალგაზრდებს. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს კვალიფიციური მწვრთნელების გადამზადება, რაც მომავლში გაგვიყვანს შედეგზე.
– პანდემიამ ალბათ ხელი შეგიშალათ… როგორია სამომავლო გეგმები?
–  პანდემიამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და სპორტის ყველა სახეობაში, ჩვენს დაბრკოლებაში დიდი როლი შეასრულა – გადაიდო დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები და ვარჯიშები.
სამომავლოდ  დიდი გეგმები გვაქვს… სკოლაში გვყავს ძალიან ძლიერი და მოტივირებული მოზარდები და ვეცდებით, ჩვენი სკოლის სახელი, როგორც უფროსებში, ასევე პატარებში, ყოველთვის იყოს წარმატებული.

– ჰობი…
– ფეხბურთი და ბავშვებთან ურთიერთობა…
– ოჯახი…
–  მყავს მეუღლე და ერთი შვილი…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები