ერთ-ერთი მძევალი, რომლის მეშვეობითაც თავდამსხმელმა ულტიმატუმი გააჟღერა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია
ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და აქტიური მხარდამჭერია.
სწორედ კვარაცხელიას საშუალებით დაუკავშირდა მძარცველი ,,მთავარ არხს”, კერძოდ, ნიკა გვარამიას და მასთან საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა.
„შენობაში, ერთ ოთახში ვიმყოფებით 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ, გამორიცხულია ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად, რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. ითხოვს უსაფრთხოების გარანტიასა და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. მე ვიძლევი გარანტიასო, რომ 500 000 დოლარის გადახდის შემთხევაში, არავინ დაზარალდებაო, თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერევიან ძალის გამოყენების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
მისივე განმარტებით, პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის გზავნილებს ახმოვანებს.
კერძოდ, კითხვაზე, „თქვენ ახლა თქვენი ნებით გვიკავშირდებით, თქვენს გზავნილს ახმოვანებთ თუ ადამიანის, რომელიც შენობაში შემოიჭრა? -კვარაცხელია პასუხობს: „არა, მე ჩემს გზავნილს როგორ ვახმოვანებ, გეუბნებით, ადამიანი გვერდზე მიდგას, რანაირად ვახმოვანებ ჩემს გზავნილს“.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ბანკის ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
,,საქართველოს ბანკზე” თავდასხის ტყვეობაში ამ დრომდე 20-მდე ადამიანი რჩება.
ცნობისთვის, ირაკლი კვარაცხელია წინა ხელისუფლების დროს თბილისის მერიაში მუშაობდა. სწორედ მისი ,,ფეისბუქით,, დაუკავშირდა თავდამსხმელი ნიკა გვარამიას, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას ,,ფეისბუქმეგობარია,,.