NDI: პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს

“კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები”, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანობაში, გენდერული კვოტა პოზიტიურად არის აღქმული.

“მიმდინარე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 21 წევრია ქალი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქალთა დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობაზე მიუთითებს. ივლისში მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტა მიზნად ისახავს, რომ მომავალ პარლამენტში სულ მცირე 30 წევრი (20 პროცენტი) იყოს ქალი. ის პარტიები, რომლებიც კვოტის მოთხოვნებს გადააჭარბებენ და პარტიულ სიებში სამ კანდიდატში ერთ ქალს წარადგენენ, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.

ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე 29 პარტიამ, მათ შორის “ევროპულმა საქართველომ”, პარტიამ “სამართლიანობისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა და გენდერული კვოტირების მოთხოვნა დაიცვა.

მთლიანობაში, გენდერული კვოტა პოზიტიურად არის აღქმული, თუმცა პარტიამ “გირჩი” მისი არაკონსტიტუციურობის საკითხი დააყენა. კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები.

შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. დაბალი ბარიერის პირობებში ამ სცენარის განვითარება რეალისტურია, რა შემთხვევაშიც, ქალების წარმომადგენლობა, შესაძლოა, მაინც 20 პროცენტზე ნაკლები დარჩეს. ჩართული მხარეები NDI-სთან ქალების თანაბარი მონაწილეობის ძირითად ბარიერად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებენ. ხშირ შემთხვევაში, პარტიის ხელმძღვანელობა (სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ) კანდიდატების შერჩევის პროცესში ქალთა წარმომადგენლობის საკითხებს არ ითვალისწინებს, ხოლო პარტიების რეგიონული სტრუქტურები კაცი მხარდამჭერების მიერ იმართება. წინამდებარე ბიულეტენის წერის მომენტისთვის მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 22 პროცენტია ქალი. თუ ეს რიცხვი შენარჩუნდება, ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 2016 წლის (17 პროცენტი) და 2012 წლის (14 პროცენტი) არჩევნებთან შედარებით, მცირედ ზრდას ექნება ადგილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოს გამოსცა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები