სტუ-ის ფაბლაბის მცირედანახარჯიანი გამოგონება – „პროგრამირებადი სფერო“ შესაძლებელია ეფექტურ სარეკლამო საშუალებად იქცეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის” პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული და მცირედანახარჯიანი მოდული „პროგრამირებადი სფეროა“, რომელიც შესაძლებელია ეფექტურ სარეკლამო-საიმიჯო საშუალებად იქცეს. ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შესძლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, „პროგრამირებადი სფერო“ სტუ-ის ფაბლაბის „5 ინსტალაციის“ ერთ-ერთი მოდულია, რომელიც „ჰოლოგრამული მოწყობილობაა“, თუმცა გაცილებით მასშტაბური, ვიდრე ადრინდელი ტექნოლოგია.

როგორც სტუ-ის ფაბლაბის გუნდის ერთ-ერთი წევრი ზაზა გაბესკირია აღნიშნავს, „პროგრამირებადი სფერო“ სხვადასხვა მოწყობილობის ერთობლიობაა, რომელშიც ფოტობრენდინგის პრინციპი ჩაშენდა და 3D დიზაინის გამოყენებით ილუსტრირება შესრულდა, ხოლო ლაზერის მეშვეობით ტექნიკური უნივერსიტეტის მაკეტები დამზადდა.
„ჰოლოგრამის ელექტრომაგნიტური ველის საშუალებით, ორი კოჭის რეზონანსში მოყვანისას ხდება ელექტროენერგიის უკონტაქტო გადაცემა. ეს „პროგრამირებადი სფეროს“ ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიაა. არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორ ჩნდება გამოსახულება, რაც განპირობებულია თვალის მიერ გამოსახულების აღქმის განსაკუთრებული თავისებურებით. ამას თვალის ინერტულობა ეწოდება. რომელიც ჰოლოგრამაზეა დაფუძნებული პროექტების უმეტესობა თვალის ინერტულობის პრინციპზეა მორგებული. ჰოლოგრამული მოწყობილობის დამზადება არ წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ ძალიან შრომატევადია. საჭიროა გუნდური მუშაობა და ყველა დეტალის უდიდესი სიზუსტით დამზადება“, – ამბობს ზაზა გაბესკირია.

მისი განმარტებით, შესაძლებელია „პროგრამირებადი სფეროს“ მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა და საინფორმაციო, საიმიჯო ან სარეკლამო მიზნით გამოყენება, რაც მოწყობილობის დაცვის ძლიერი მექანიზმით აღჭურვას მოითხოვს. ზაზა გაბესკირიას თქმით, მასშტაბური ჰოლოგრამული მოწყობილობის განთავსება ეფექტური იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის რომელიმე სასწავლო კორპუსის სახურავზე. ღამის საათებში ამონათებული ჰოლოგრამული გამოსახულება ბევრის ყურადღებას მიიპყრობს, ამასთან, დანახარჯი დიდი არ იქნება, რადგან ელექტრონერგიის გადასაცემად მხოლოდ 12 ვოლტია საჭირო, ძრავა კი ჩვეულებრივ კვებას საჭიროებს.

ზაზა გაბესკირიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, სტუ-ის ფაბლაბს კი მეგობრის რჩევით მიმართა.

„უნივერსიტეტის ფაბლაბში ვნახე ისეთი მოწყობილობები, რამაც ძალიან დამაინტერესა. ვნახე დამზადებული პროექტები და მივხვდი, რომ შემეძლო ბევრი რამ მესწავლა, მონაწილეობა მიმეღო პროექტების შექმნაში და ჩემი იდეებიც შემეთავაზებინა. პირველად, ჰოლოგრამული მოწყობილობის შექმნის შესახებ იდეა წარვადგინე. დღეს ვამბობ, რომ იდეა დაბალ დონეზე მქონდა შესრულებული – მარტივი პროტოტიპი იყო, სახლის პირობებში დამზადებული. ფაბლაბმა, გუნდური მუშაობით, შესაძლებლობა მომცა, იდეა სრულყოფილად ჩამომეყალიბებინა“, – აღნიშნავს ზაზა გაბესკირია.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. სტუ-ის ფაბლაბის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები