ირლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მკაცრი “ლოკდაუნი” გამოცხადდა

ირლანდიის მთავრობამ, ქვეყანაში ეპიდემიის შეკავების მიზნით, მკაცრი უპრეცედენტო შეზღუდვები დააწესა.

“ლოკდაუნი” 21 ოქტომბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება და თავდაპირველად ცხადდება 6 კვირით, თუმცა, მისი გადახედვა 4 კვირაში იგეგმება.

შეზღუდვების მიხედვით, იხურება ყველა მაღაზია, გარდა – პირველადი აუცილებლობის სურსათის ობიექტების, სილამაზის სალონები მუშაობას წყვეტენ, იხურება რესტორნები, ამასთან, სკოლებისა და ბაგა-ბაღების დახურვა არ მოხდება.

ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. კომპანიები თანამშრომლებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანენ.

სახლიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებელი სახლიდან 5 კმ მანძილზე, მოთხოვნის დარღვევა ჯარიმას გამოიწვევს.

ქორწილების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ 25 ადამიანის დასწრების შემთხვევაში, დაკრძალვა კი – 10 პირის მონაწილეობით.

ირლანდიაში ოქტომბრის დასაწყისიდან კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი მატება შეინიშნება და “პირველი ტალღის” მაჩვენებელს მიუახლოვდა, როდესაც დღიურად საშუალოდ 1200 ინფიცირებული ვლინდებოდა.

აღსანიშნავია, რომ, ირლანდიის მსგავსად, მკაცრი შეზღუდვები, ჯერჯერობით, მხოლოდ ბრიტანეთის ეულსშია დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები