„ზუგდიდის მიწა მიიბარებს. მწერლის სახელი და წიგნები კი განაგრძობს ცხოვრებას“ – ჯემალ ქირიას გარდაცვალების გამო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჯემალ ქირია. ამის შესახებ გამომცემლობა „ინტელექტის“ მღავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია წერს სოციალურ ქსელში.
„ბოლო წლებში, კვირა არ გავიდოდა, რომ არ გვესაუბრა. კეთილი ბერიკაცი ჩუმად, ფეხაკრეფით შემოვიდოდა გამომცემლობაში, – დიდხანს არ შეგაწუხებო, იმ რამდენიმე წუთში უშურველად გასცემდა ადამიანურ სითბოსა და ყოველთვის საჭირო სიტყვებს გეტყოდა.
ზუგდიდის მიწა მიიბარებს. მწერლის სახელი და წიგნები კი განაგრძობს ცხოვრებას. მიხარია, რომ ჯემალ ქირიას ბრწყინვალე ზუგდიდური საგა „მანცხვარკარი“ მოვასწარით მის სიცოცხლეშივე და ამით ბედნიერი „მარადი მხედარის“ ავტორი ვნახე სულ რამდენიმე კვირის წინ. ნათელში იყოს“, – წერს ზვიად კვარაცხელია.

პანაშვიდი – 19 და 20 ოქტომბერს, თბილისი, თამარაშვილის №7, ბინა 43. გადასვენება თბილისიდან ზუგდიდში – 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
გასვენება 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ზუგდიდის მაცხოვრისკარის ეკლესიიდან.

ჯემალ ქირია დაიბადა 1940 წლის 1 მარტს, ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს.
იყო თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი (1970-1990წწ.), ჟურნალ „ცისკრის“ პასუხისმგებელი მდივანი, მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილების მდივნად.
მწერლის ცხოვრება ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საოცარი თავგადასავლებით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პირველად სახლიდან გაიქცა. საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მკაცრი წესრიგის დამრღვევს ხან თურქეთის, ხან პოლონეთის, ხანაც ფინეთის საზღვარზე იჭერდნენ. ბოლოს ჩინეთში გადასვლა მოახერხა, სადაც ათი თვე იცხოვრა. მაშინდელი უშიშროების სამსახური ხან ციხეში და ხანაც ფსიქიატრიულში მოათავსებდა ხოლმე. თავისი თავგადასავალი მწერალმა აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში „მე, როსინანტი” (1997).
ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი „მარადი მხედარი”, რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების „ცისკარში” იბეჭდებოდა (№ 3-8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს „ფენტეზის” ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.
2000–2004 წლებში ცხოვრობდა ნიუ–იორკში. ამ ქალაქში ჩასული ქართველი ემიგრანტების ყოფა ასახულია მწერილის პუბლიცისტურ წერილებში და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „წიგნი არაფერზე.
ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი „ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი” გამოაქვეყნა გამომცემლობა „ნაკადულმა”, შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie, Publish America, Baltimore, 2005).
გამომცემლობა „საარმა“ გამოაქვეყნა  ჯ. ქირიას ბელეტრისტიკის 11 ტომეული, გამოცემულია 4 ტომი.
ჯემალ ქირია იყო შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატი. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები