გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მცხეთა- მთიანეთის რეგიონულ მენეჯერთან, ლევან კაკაბაძესთან ერთად გუდაურში ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

კომპანია, გუდაურში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს.

“პროექტების ღირებულება 48 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

ასევე შენდება რეზერვუარი, ეწყობა ჭაბურღილები, 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.

აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს გუდაურსა და მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი,”- ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები