„პუტინის მზარეული“ პრიგოჟინი ევროპული სანქციების მახეში გაება

 

ევროკავშირმა ოდიოზური რუსი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი სანქციების სიაში შეიყვანა და ლიბიაში იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. იმ პირთა სია, რომელთა მიმართაც დაწესებულია სანქციები, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენს ”მჭიდრო კავშირები აქვს, მათ შორის, ფინანსური კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“. პრიგოჟინი მხარდაჭერას უწევს „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობას ლიბიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. თავად პრიგოჟინმა უკვე გააკეთა ამ განცხადებაზე კომენტარი და თქვა, რომ ამ სანქციებმა მას გული დაწყვიტა. მისი თქმით, მას ლიბიაში ბიზნესინტერესები საერთოდ არ აქვს.

თუმცა, რამდენიც  უნდა ღვაროს „ნიანგის ცრემლები“ ევგენი პრიგოჟინმა, რეალობა ამით არ შეიცვლება. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად კანონგარეშედ მოქმედი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“-ს მთავარი სულისჩამდგმელი სწორედ ის არის – კაცი, რომელსაც „პუტინის მზარეული“ უწოდეს. „ა“-დან „ბ“-მდე კი გზა ძალიან მოკლეა, ამიტომაც, ამ კერძო სამხედრო კომპანიას დიდი ხანია, უკვე „პუტინის ფარული არმია“ შეარქვეს. „ვაგნერი”-ს დაქირავებული მებრძოლები მოქმედებენ ყველგან, სადაც ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის ინტერესებია – იქ, სადაც რუსეთის ოფიციალური ჯარების გამოჩენა უპრიანი არაა. „ვაგნერელები“-ს არსებობას კრემლი არ აღიარებს, შესაბამისად, არანაირ პასუხისმეგბლობას მათ დანაშაულებებზე ან მათ დაღუპვაზე არ იღებს. სწორედ ეს „უჩინარი ადამიანები“ გადასვეს ყირიმში, ანექსიის პირველ დღეებში და მათ უკრაინისთვის ყირიმის წართმევაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ალბათ, „პუტინის მზარეული“ მაშინაც წუხდა, როცა 2020 წლის მაისში გაერო-ს სანქციების კომიტეტის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც საუბარია, დაახლოებით, 1200 დაქირავებულ მებრძოლზე “ვაგნერი”-დან, რომლებიც ლიბიაში გენერალ ხალიფა ჰაფტარის მხარეს იბრძვიან. მომხსენებლების აზრით, ეს მონაცემები დაფუძნებულია მხოლოდ “მცირე ვიზუალურ კონტაქტსა და ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე”.
დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ 2018 წლიდან „ვაგნერელები“ ლიბიაში ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ მანქანების შეკეთებას და მონაწილეობენ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2018 წლის ზამთარში რუსული მედია რესურსის Meduza- ს წყარო ФСБ– დან აცხადებდა, რომ პრიგოჟინს ამ ქვეყანაში მხოლოდ ნავთობი აინტერესებს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი”-ს შესახებ საინტერესო დოსიე გამოაქვეყნა გამოცემამ The Bell. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მყოფი წყაროების თანახმად, ”პუტინის მზარეული” პასუხისმგებელია „ვაგნერის“-ს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რისთვისაც მოსკოვის სკოლების, საავადმყოფოებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მზა კვების სახელმწიფო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს იყენებს. ევგენი პრიგოჟინმა, წარმომადგენლის მეშვეობით, უპასუხა The Bell- ის შეკითხვებს და უარყო რაიმე კავშირი „ვაგნერ“ -თან. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში არ არსებობს კერძო სამხედრო კომპანიის კონცეფცია.

მართალია, პრიგოჟინიც და კრემლის ჩინოვნიკებიც მუდმივად ამბობენ, რომ რუსეთში ამჟამად ოფიციალურად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს, მაგრამ მედიაში პერიოდულად ჟონავს ინფორმაცია იმ დანაკარგების შესახებ, რომლებიც „ვაგნერელების“ რიგებშია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით – სირიაში. მსოფლიო მედიის ცნობით, რუსი დაქირავებული მებრძოლების კვალი ასევე ნახეს ნიგერიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს რესპუბლიკაში, ზიმბაბვეში, ეგვიპტესა და გვინეაში, სადაც რუს ბიზნესმენებს ენერგეტიკაში პროექტები აქვთ.
დღეისთვის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრემლის შემოსავლების გამსხვილებასა და გეოპოლიტიკური მიზნების შესრულებას ემსახურება – ნებისმიერ ფასად, მიუხედავად უკანონობისა. ბიზნესმენი პრიგოჟინი კი, რომელმაც მოსკოვის ქუჩებში „ჰოთ-დოგების“ გაყიდვით დაიწყო, ახლა ვლადიმერ პუტინის ნებისმიერ ბრძანებებს ასრულებს, ასევე, ნებისმიერ ფასად. მისი საქმიანობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს – აფრიკის ყველაზე შორეული სოფლისთვისაც კი.

ნოდარ სარჯველაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები