გიგა ბოკერია: ის, რაშიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ბრალს სდებენ, არც კი მომხდარა
“ის, რაშიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ბრალს სდებენ, არც კი მომხდარა – არ არსებობს დანაშაულის არც ფაქტი და არც – მოტივი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთზე არავითარი შეთანხმება მიღწეული არ არის და არმომხდარ ფაქტს ორი უდანაშაულო ადამიანი ეწირება.
“ამ რეჟიმის სტანდარტებითაც კი, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო შემთხვევა, როცა ორი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, არიან უკანონოდ ციხეში და მხოლოდ იმისთვის, რომ აგორდეს ბინძური კამპანია ოპოზიციის დემონიზებისთვის, შავ-თეთრი სურათის ჩვენებისთვის, პოლარიზებისთვის. ეს ხდება პირდაპირ პროპუტინური ჯგუფების, ბიზნესმენებისა და, სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით. ძალიან მკაფიო მაგალითი გვაქვს, როცა ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინული ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან – არ ერიდებიან არაფერს, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.