არჩილ თალაკვაძე – კუბილიუსის განცხადებაზე: ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით

“ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით თალაკვაძე გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის„ტვიტერის“ პოსტს.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. მან, როგორც ვნახე, თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი.

დავით გარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო, ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, არის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტსა, თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერასდროს იქნება სასაცილო.

“პოზიცია ის არის, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯი და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს. თქვენ პოზიციას ვერ აფიქსირებთ. თქვით მაშინ, რომ ეს მიუღებელია. ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს პოზიცია. დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერ იქნება ვერასდროს სასაცილო. ვინც თვლის, რომ ეს არის სასაცილო საკითხი, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი შეფასება“, – განაცხადა არჩილილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები