მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ,,კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აქტიურად მიმდინარეობს აბაშა-მარტვილის 15-კმ-იანი და მარტვილი-ხონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 6-კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები.

აღნიშნული გზა მარტვილს ორ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, – დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა და მეორე, – შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები: ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.

„მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, არ გავაჩერეთ სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიმდინარეობს ბევრი ობიექტის რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზები და, ხედავთ, დღესაც როგორ აქტიურად გრძელდება სამუშაოები. აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილებას და რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“ _ განაცხადა ლევან მაკალათიამ.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები