ჯანმო: ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,2 მილიონით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2,2 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 7 დღის ვადაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამურად, მსოფლიოში 37 109 851 დადასტურებული შემთხვევაა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 39 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, სულ 1 070 355 ლეტალური შემთხვევაა.

აღინიშნება, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც 5-11 ოქტომბრის პერიოდში 804 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 17,79 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა. ამავე რეგიონში ერთ კვირაშ ვირუსს 20 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 588 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ კვირაში 575 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამური მაჩვენებელი 7,9 მილიონს გადააჭარბა; ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 126 ათასს გადააჭარბა.

ორგანიზაცია ინფიცირების მატებას ასევე აფიქსირებს ევროპაში, სადაც წინა კვირასთან შედარებით ახალი შემთხვევების რიცხვი 34%-ით გაიზარდა. ერთ კვირაში კონტინენტზე 694 ათასი შემთხვევა გამოვლინდა და თითქმის 6,92 მილიონს შეადგენს; ვირუსს ერთ კვირაში 6,1 ათასი პაციენტი ემსხვერპლა – ჯამურად, 246 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები