კრემლში დონბასისა და ყირიმის დაბრუნებაზე ზელენსკის განცხადებას უპასუხეს
კრემლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხეს იმის შესახებ, რომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, დონბასისა და ყირიმის დაბრუნება იქნება შესაძლებელი.
როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყირიმის პრობლემა არ არსებობს.
“მთავარია, დონბასის პრობლემის დარეგულირება მოხდეს, ყირიმის პრობლემა კი არ არსებობს და ვერ იარსებებს. მაგრამ იცით, რუსეთი ცდილობდა და მომავალშიც შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს, რომ უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთის პრობლემა მოაგვაროს”, – თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული განცხადება იმას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება იგეგმება, პესკოვი ამბობს – “მინსკის შეთანხმებებს გაეცანით”.
ზელენსკიმ შესაბამისი შინაარსის განცხადება ,,BBC უკრაინა,,-სთან საუბარში გააკეთა.