საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში “ქართველოლოგიის დღე“ მონაწილეობა მიიღო, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“ჩემთვის სასიამოვნოა მოგმართოთ 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაზე „ქართველოლოგიის დღე“, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი წარმატებული ურთიერთობისა და საქართველოს ევროპული კულტურისა და ფესვების აღნიშვნას წარმოადგენს.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ჭეშმარიტად მჭიდრო ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა სათავეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იღებს.
ეს კონფერენცია ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად ღირებული პლატფორმაა, რომელიც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება და ჩვენს ხალხებს შორის კავშირს ამტკიცებს.
ჩვენი უდიდესი საგანძური – ჩვენი ადამიანური კაპიტალი ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს ასეთი კონფერენციებისა და ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართველი მოქალაქეებისათვის შეთავაზებული მრავალი პროგრამისაგან.
სამეცნიერო – საგანმანთლებლო თანამშრომლობის გარდა, საქართველო და დიდი ბრიტანეთი პარტნიორობის გასამყარებლად კარგად ჩამოყალიბებულ პლატფორმებს იზიარებენ. ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია საქართველო-დიდი ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც წელს COVID-19-ს მიუხედავად, წარმატებით შედგა.
ძვირფასო სტუმრებო, დღეს ჩვენ უჩვეულო გარემოებებში ვხვდებით. COVID-19-ს პანდემიამ არა მხოლოდ გლობალური დღის წესრიგი, არამედ ჩვენი ყოველდღიურობაც შეცვალა და ნათელია, რომ თქვენს დღის წესრიგზეც იქონია გავლენა, ვინაიდან ძირითადი თემა სწორედ კოვიდი გახდა.
ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, საქართველომ დროული ზომები მიიღო, რათა ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობის სწრაფი გაუარესება თავიდან აერიდებინა.
ეს ზომები წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ შევძელით მნიშვნელოვნად შეგვეკავებინა სიკვდილიანობა და ინფიცირებულთა რაოდენობა.
საქართველოს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, განსაკუთრებით ტურიზმის შეჩერების მიმართ.
მთავრობის მიერ დროული ეკონომიკური და სოციალური სტიმულის პაკეტების განხორციელებამ ხელი შეუწყო კრიზისის საწყისი გავლენის შემცირებას, თუმცა ყველამ ვიცით, რომ კრიზისი გრძელდება.
საქართველოს ძალისხმევა პანდემიის რეაგირების მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. დღეს ჩვენ ევროკავშირის მიერ აღიარებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ვრჩებით. ჩვენ ამაყები ვართ და ამავდროულად, გვაქვს პატივი, რომ ჩვენს პატარა ქვეყანას შეუძლია იყოს მაგალითი და გაუზიაროს თავისი გამოცდილება დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ ასევე, მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორების დღევანდელ მკაცრ რეალობასთან გასამკლავებლად მიღებული მხარდაჭერისთვის.
რაც ამ დრომდე COVID-19-მა გვასწავლა არის ის, რომ საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა, სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა, რათა გადავლახოთ მსოფლიოში არსებული ყველაზე რთული გამოწვევები. მათთან მარტო გამკლავების ძალა არავის შესწევს.
საქართველოში ჩვენ ასევე ვნახეთ, ის რასაც მე ნდობის სამკუთხედს ვუწოდებ – თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომლებსაც ერთმანეთის სჯეროდათ, ერთად მუშაობდნენ და სწრაფად ასრულებდნენ რეკომენდაციებს, რამაც განაპირობა ჩვენი თავდაპირველი წარმატება.
ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორი დროა, რათა ხელახლა დავფიქრდეთ მომავალზე, რომელიც ჩვენ გვსურს.
იმ ახალი რეალობის გარდა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ჩვენ გადავდივართ საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ახალ ეტაპზე. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ახლა მყარ საფუძველს ქმნის ეფექტიანი ვაჭრობის, ეკონომიკის, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობებისათვის. ჩვენ ასევე ველით მომავალი ახლო პარტნიორობის ახალ საფუძვლებს პოსტბრექსიტის პერიოდში.
საქართველოს პროდასავლური ვალდებულებები და მისწრაფებები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.
როდესაც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას, დღეს, როგორც არასდროს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს.
ასევე აშკარაა, რომ ახლა ვიდრე ოდესმე ამ რეგიონის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის რეგიონში, არამედ რეგიონს ფარგლებს გარეთაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის. შესაბამისად, ქართველოლოგიის და კავკასიოლოგიის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და რელევანტური ხდება.
კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია ჩვენი რეგიონის შესწავლის ახალ მიდგომებს მოითხოვს, ვინაიდან მისი გავლენა ევროპისა და მისი ფართო რეგიონის უსაფრთხოებაზე ახლა აშკარაა.
გასულ წელს, მე ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის ცენტრის ჩამოყალიბების იდეა გავაჟღერე, რომელიც საქართველოში ამ თემებზე მომუშავე მრავალ კვლევით ინსტიტუტს, ცენტრსა და მეცნიერს შორის ძალისხმევის კოორდინირებას მოახდენდა.
კავკასიოლოგია და ქართველოლოგია ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, რომ ჩემი პრეზიდენტობის მანდატის პერიოდში ასეთი ინიციატივა განხორციელდება. ეს გულისხმობს, რომ ჩვენს სახელმწიფოთა შორის მსგავს ინიციატივებთან დაკავშირებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ დრაგაძეს, ჩემს ძველ მეგობარს ყველაფრისათვის, რაც მან ქართველოლოგიის, კავკასიოლოგიისა და ბრიტანულ-ქართული მეგობრობის მხარდასაჭერად გააკეთა”,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.