ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, ონში, წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
“ჩემო რაჭველებო – ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით. უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით, წლების განმავლობაში ერთად ვაკეთეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნების გუნდს”, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და წარმადგინა ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად.
ჩემთვის პატივია ისევ ვიდგე თქვენს წინაშე და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებ.
ჩვენს გუნდთან ერთად ვზრუნავდი რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ახლაც ვდგავარ თქვენს გვერდით განწყობით, რომ კვლავ ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს.
მინდა აღვნიშნო, რომ მთიან რეგიონებზე ზრუნვა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პრიორიტეტია.
ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას;
ჩვენი მხარის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
ამიტომ, ონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. პროექტი სრულიად ახალ პოტენციალს სძენს ჩვენს რეგიონს, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ ლარზე მეტია და მომავალ წელს, 2021 წელს დასრულდება მისი მშენებლობა.
ონში ამჟამად მიმდინარეობს და დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და მთას დაუბრუნებს სიცოცხლეს.
ონის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად ხორციელდება გაზიფიცირება და არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა კახი კალაძეს – მისი მინისტრობის დროს, ენერგეტიკის მინისტრობის დროს , მისი ინიციატივით, თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი და დღეს უკვე ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ გაზიფიცირებას სოფლებში. მარტო წელს 8 ახალი სოფელი დაემატა და გაზიფიცირდა.
მიმდინარეობს რაჭის მხარეთცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა, რომელზეც 6 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
სოფელ ღების ისტორიული უბნის აღსადგენად გათვალისწინებულია 2 მილიონ ლარზე მეტი.
ბერშევას სახელობის პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელზეც ასევე დაიხარჯება 2.5 მილიონი ლარი.
ჩვენი ხელისუფლება წლებია, ახორციელებს მნიშვნელოვან საგრანტო-სამეწარმეო პროგრამებს, რომლის დახმარებითაც რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარეში შეიქმნა არა ერთი წარმატებული ბიზნეს პრეცედენტი და გაჩნდა მრავალი სამუშაო ადგილი.
აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს სწრაფი და ეფექტური ქმედებები 29 ივლისის სტიქის მართვის პროცესში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი და თითოეული ონელის სახელით, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ყველა იმ უწყების ხელმძღვანელს, რომლებმაც კოორდინირებულად უმოკლეს ვადაში მოახდინეს სტიქიის ლიკვიდაცია. ამჟამად დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება,”- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.