ყარაბაღის ომში მეორე ქართველი დაიღუპა

7 ოქტომბერს, ღამით ყარაღახში მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა აზერბაიჯანის მოქალაქე, ინგილო ქართველი, იმამ ალიევი. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას“ საინგილოს მკვლევარმა, სერგო კერესელიძემ მიაწოდა.

იმამ ალიევი უკვე მეორე ეთნიკური ქართველია, რომელიც ბოლო დღეებში დაიღუპა. პირველი ქართველი, ისმაილ ირაპოვი 4 ოქტომბერს დაკრძალეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში. გარდაცვლილების გარდა, ბოლო დღეებში რამდენიმე ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა და აზერბაიჯანის სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობენ.

იმამ ალიევი 22 წლის იყო. ის გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოასვენეს ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში და ამავე სოფლის სამაროვანში (ასე უწოდებენ საინგილოში სასაფლაოს) მხედრული პატივით დაკრძალეს. სოფელი ითითალა ალაზნის პირას, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება და მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული (მოსახლეობა – 2400-მდე). აღსანიშნავია, რომ სოფელ ითითალის სკოლა 90-იან წლებში ყარაბაღის ომში დაღუპული ინგილო ქართველის – ასლან ბალაევის (ბალიაშვილის) სახელობისაა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ინტერნეტი გათიშულია, ინგილო ქართველები მაინც ახერხებენ “კვირასთან“ დაკავშირებასა და ინფორმაციის მოწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები