სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა შუშას ტაძარი დღეს მეორედ დაბომბა – დაშავებულთა შორის რუსი ჟურნალისტებიც არიან
აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა დღეს უკვე მეორედ მიიტანეს საჰაერო იერიში ქალაქ შუშას ტაძრის მისამართით, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,Sputnik არმენია,, ავრცელებს.
აღინიშნება, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის, რუსი ჟურნალისტებიც.
დღეს, პირველ ნახევარში სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა შუშას ტაძარი დაბომბა და შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს.
თუმცა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვთ.
“სომხეთის სამხედროებისგან განსხვავებით, რომლებმაც 4 ოქტომბერს განჯას იერიშის დროს, იმამზადეს კომპლექსს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც რელიგიური არქიტექტურის ძეგლია, აზერბაიჯანის არმია სამიზნედ არ იღებს ისტორიულ, კულტურულ, მითუმეტეს რელიგიურ ნაგებობებს და ძეგლებს”, – აღნიშნეს უწყებაში.