მამუკა სალუქვაძე – თბილისის ცენტრალურ პარკზე: ამით ისარგებლებს როგორც ოპოზიციის, ისე – მმართველი პარტიის წარმომადგენელი, თემის პოლიტიზება საჭირო არაა

თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება მისასალმებელი ფაქტია. ამის შესახებ მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, საკითხის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.

„ყველა სხვადასხვანაირად მიუდგა ამ საკითხს. იმგვარადაც კი, რომ ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა ცუდ ტონად იქნა შეფასებული, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარ გამოვლინებებს მივესალმოთ, მოვიწონოთ. ძალიან ბევრია ისეთი ტერიტორია თბილისში, რომელიც კერძო საკუთრებაშია და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სხვა კერძო მესაკუთრეებიც დაფიქრდებიან, ამგვარ ტერიტორიებს ქალაქს დაუბრუნებენ, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი იქნება.

ქალაქს ნამდვილად სჭირდება გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიები განაშენიანებულ ნაწილში. მიწათსარგევლობის გენგეგმის პირობებში დათვლილი იყო, თუ რა წილია გამწვანებისა და რეკრეაციისა ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ანუ იქ, სადაც ვცხოვრებთ, ვმუშაობთ. ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა. იცით, რომ 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია გამწვანებისა და რეკრეაციის წილი. ეს უდაბლესი მაჩვენებელია. არის ქალაქები, სადაც ეს მაჩვენებელია 20, 25 , 30-ია, ზოგან 90 -იც კი არის კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. ამგვარ გარემოში ვცხორებთ ჩვენ და შემდეგ პოლიტიზებას ვახდენთ რაღაც საქციელისას, ვუკავშირებთ არჩევნებს, არ ვუკავშირებთ ახალ წელს. ახალი წელიც მოდის, შეიძლება, საახალწლო საჩუქარი იყო.

მოდით, ყველა საკითხის პოლიტიზირებას შევეშვათ. გასაგებია, მოვისმინეთ ეს ყველაფერი და შევაფასეთ, ახლა მთავარზე ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქალაქისთვის. „მწვანე ქალაქი“ ქალაქის გენგეგმის ერთ-ერთი კონცეპტუალური მიმართულებაა. პარკების მშენებლობა, გამწვანებული ტერიტორიების განახლება თუ სხვა, ეს ყველაფერი ჯდება ამ კონცეპტუალურ მიმართულებაში. ამის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელიც იქნებოდა ქალაქში სრულფასოვნად ცხოვრება. ვიცით, რომ არსებობს დიღმის ჭალების პარკის პროექტი, თემქის ხევის პროექტი, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, იდო გენგეგმაში. მერია ცდილობს, გეგმაზომიერად მიჰყვეს ამას. რა თქმა უნდა, ვადები და ტემპი ჩვენც არ მოგვწონს. ჩვენც მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, უფრო სწრაფად განვითარდეს და ერთ დღეში გვქონდეს ყველაფერი. მაგრამ ასე არ ხდება, სამწუხაროდ“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მამუკა სალუქვაძე იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ქართუმ“ საკუთრებაში 8 ჰექტარი დაიტოვა და იქ მშენებლობა იგეგმება. როგორც სალუქვაძე განმარტავს, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა №1-ის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლება.

„იყო 8 ჰექტარზე საუბარი, რომ „ქართუმ“ დაიტოვა, არ გამოაჩინა და იქ მოხდება სწორედ მშენებლობები. ეს გამორიცხულია. გეტყვით, რატომ: მე ვეძებდი, მაგრამ ვერ ვნახე, ეს 8 ჰექტარი სადააა. ასეც რომ იყოს, ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა №1 სტატუსი აქვს მინიჭებული, რეკრეაცია 1-ში არაფრის მშენებლობა არ შეიძლება. ჩვენ ამაზე მერიასთანაც შევთანხდმით. გავიგეთ, რომ თითქოს უსარგებლო ტერიტორიაც ყოფილა ეს ტერიტორია. გუშინ ერთერთ ეთერში ვიხუმრე კიდეც: მომეცით ეს ტერიტორია, ვნახავ დეველოპერებს და როგორი უსარგებლოა, განახებთ-მეთქი. როგორ შეიძლება, ქალაქის ცენტრში არსებული ამგვარი ტერიტორია, რომლის მსგავსიც, პრაქტიკულად, აღარ არის, იყოს უსარგებლო?
როგორც „ქართული ოცნებისთვის“ არის არჩევნები, ასევეა ოპოზიციისთვის. კარგი ფაქტი მოხდა და ვაღიაროთ, რადგან ამით მომავალში ისარგებლებს როგორც ოპოზიციის, ასევე – მმართველი პარტიის წარმომადგენელიც. აბსოლუტურად არ არის საჭირო ამ თემის პოლიტიზება.

რაც შეეხება თავად პარკს, იმ ფუნქციას, რომელიც აქვს  – ჩვენ, ჯერჯერობით, ვნახეთ რენდერი. ნათქვამი იყო, რომ ამ ყველაფრის დეტალური პროექტირება მომავალში მოხდება. გენგეგმას თავისი მიდგომა ჰქონდა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რა ფუნქციით უნდა ყოფილიყო ეს პარკი, ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ. ძალიან სპეციფიკური ტერიტორიაა. ეს არ არის კლასიკური გაგებით პარკი. სანამ დეტალურ გეგმარებაზე გადასულა თბილისის მერია და ის ჯგუფი, რომელიც ამას აპროექტებს, ჩვენი რჩევაა მოხდეს, უკვე არსებული ესკიზის საჯარო განხილვები. ჩავრთოთ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა – „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები