„ცირცელი წითლად აფეთქდა ცაზე“ – მარინა ცვეტაევა 128 წლისაა

8 ოქტომბერი რუსი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელის მარინა ცვეტაევას დაბადების დღეა. იგი 1892 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა.  ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ლიტერატორი და მთარგმნელი მარინა გოგოლაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.

მარინა გოგოლაშვილი

„დღეს გენიალური მარინა ცვეტაევას დაბადების დღეა. გვიანი ღამეა, მაგრამ, ვფიქრობ, მიმწუხრი ყველაზე მეტად შეესაბამება იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც ჰქონდა მართლაც ზღაპრული ბავშვობა, მაგრამ მხოლოდ ბავშვობა იქამდე, სანამ დედა, უმდიდრესი გერმანელი ქალი – მარია მეინი, ჭლექით გარდაეცვლებოდა.
მარინას ბავშვობამ გერმანიისა და შვეიცარიის საუკეთესო პანსიონებში, მოგვიანებით კი სორბონის უნივერსიტეტში, წიგნებით ხელში, გაიარა. ასე რომ, ის არანაირად იყო მზად იმისთვის,რაც შემდგომში კომუნისტურმა რევოლუციამ, სამოქალაქო თუ მეორე მსოფლიო ომებმა, რეზიდენტმა ქმარმა და უგულო ცხოვრებამ მოუმზადა. ვაი, რომ ვერც მარია მეინმა გათვალა სწორად და სიკვდილის წინ ბანკში შეტანილ მთელ თავის უზარმაზარ ქონებას ყადაღა დაადო მანამ, სანამ მისი ქალიშვილები 40 წლისანი გახდებოდნენ. ეს გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: „რადგანაც მარინა იდეალისტია, ხოლო ანასტასია – სულელი, მეშინია, მთელი ჩემი სიმდიდრე რევოლუციას შესწირონო. მოხდა კი პირიქით, როცა დებ ცვეტაევებს სამყარო თავზე ჩამოექცათ და ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ, ბანკში გაიქცნენ, მაგრამ სწორედ ბანკები და, შესაბამისად, მათი უმდიდრესი დედის ქონებაც რევოლუციამ „შეჭამა“…
მარინა ცვეტაევა, უზარმაზარი ნიჭის ვიწრო ჩარჩოებში ვერდამტევი გენიოსი, დარჩა მხოლოდ ბავშვობის თბილი მოგონებების ამარა და, ვინ იცის, გატანჯული ცხოვრების განმავლობაში, ეგებ, სწორედ, ზღაპრული ბავშვური დღეების სუნთქვა უთბობდა და უნათებდა ტრაგიზმით გაძეძგილ ყოფას.
თუმცა ერთიცაა, მარინა ცვეტაევა წლის ულამაზეს დროს, შემოდგომაზე დაიბადა… და ის მხოლოდ დაიბადა, აღარ მომკვდარა“, – წერს მარინა გოგოლაშვილი და იქვე თავის თარგმანსაც აქვეყნებს.

მარინა ცვეტაევა
(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)

***
ცირცელი წითლად
აფეთქდა ცაზე.
ცა ფოთლად იქცა,
მე – დავიბადე.
ჰქონდათ კამათი
ზარებს ძელისას.
იდგა შაბათი
ღვთისმეტყველისა.
გაჩენის დღემდეც –
სურვილი უნჯი-
მეღრღნა ჭნავისგან
დამწვარი ფუნჯი.

***
Красною кистью
Рябина зажглась.
Падали листья.
Я родилась.
Спорили сотни
Колоколов.
День был субботний:
Иоанн Богослов.
Мне и доныне
Хочется грызть
Жаркой рябины
Горькую кисть.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები