ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.
საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი – შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი – თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.