მამუკა მდინარაძე – დავით გარეჯის საკითხზე: სამართლებრივ ენაზე ამას ჰქვია დანაშაული, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა
“ყველა უწყება იქცეოდა და იქცევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორად და ნურავის ეტკინება, თუ ეს სტრუქტურები გამოამჟღავნებენ, ძალიან მძიმე დანაშაულს როგორც მორალურად, ისე ფორმალური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე საგამოძიებო სტრუქტურებმა ბოლომდე უნდა გამოიძიონ.
„ყველა უწყება იქცეოდა და იქცევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორად და ნურავის ეტკინება თუ ეს სტრუქტურები გამოამჟღავნებენ, (ეს წინასაარჩევნო პერიოდი იქნება თუ სხვა პერიოდი), ძალიან მძიმე დანაშაულს როგორც მორალურად, ისე ფორმალური თვალსაზრისით. აქ საუბარი შეეხება სამშობლოს გაყიდვას. საფრთხე გაჩნდა იმისა, რომ ეს ტერიტორიები გადასცემოდა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს აზერბაიჯანს, აქედან გამომდინარე ეს დანაშაული ბოლომდე უნდა გამოიძიონ და დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი ორგანოები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. სამართლებრივ ენაზე ამას ჰქვია დანაშაული და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.